ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას ითხოვს
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სააკაშვილს წართმეული აქვს ეფექტურად დაცვის განხორციელების უფლება. ნიკა გვარამიამ სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებლებთან ერთად მე-18 დაწესებულებაში სააკაშვილი მოინახულა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატების კომუნიკაცია ეფექტურად არის შეზღუდული.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სამედიცინო ეკიპირების მიუხედავად, ის ყველა პატიმარმა იცნო. მისივე თქმით, დაწესებულებაში მუდმივად ისმის პატიმრების გინება.

„ყველა კორპუსის პატიმარი მიხვდა, რომ მე ვიყავი, ვიდრე შევიდოდი. პირობას ვიძლევი, რომ ჩემი ცოლი ვერ მიცნობდა ამ ტანსაცმელში. შესაბამისად, გინება, რომელიც მოწყობილია ციხის ადმინისტრაციის მიერ, ასე მარტივად იშიფრება. გინება გრძელდება მუდმივად, ამას შეესწრნენ ინსპექტორის ოფისის წარმომადგენლები, იმედია, ასახავენ თავის ანგარიშებში. გინება ისმის იმ ოთახშიც, სადაც ჩვენ შეგვიყვანეს. პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილს წართმეული აქვს ეფექტურად დაცვის განხორციელების უფლება, ჩვენ არ გვაქვს ეს შესაძლებლობა. მოგეხსენებათ, შიმშილობს, მარტივად არ გადაადგილდება, ჩვენ არ გვიშვებენ სააკაშვილთან პალატაში. წარმოიდგინეთ, რა სიტუაცია იყო – უნდა ჩამოვიდეს სააკაშვილი ხუთ სართულს, შემოვიდეს ოთახში, ხმაგაუმტარი მინაა, ჩემთან ერთად არის მეორე ადვოკატი და სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელი. მე მელაპარაკება ტელეფონით, მერე მე ვეუბნები სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელს ან მეორე ადვოკატს, შემდეგ ის მეუბნება კითხვას, მე უნდა დავუსვა მას კითხვა და ა.შ. ეს პროცედურა არ ჩატარებულა, რადგან ასე ფაქტების დადგენა არის შეუძლებელი. მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატების კომუნიკაცია ეფექტურად არის შეზღუდული. მეორე – ამ გინების და ა.შ. ფონზე, მე ხომ მიცნეს ასეთი უცნაური ეკიპირებით, იგინებოდნენ თუ არა, პატიმრებზე ახლა ცუდს არ ვიტყვი, ამის მოლოდინი არავის ჰქონდეს, ერთადერთი, გულდასაწყვეტია, რომ თვითონ განსაცდელში მყოფები სხვა განსაცდელში მყოფ ადამიანთან დაკავშირებით, სააკაშვილს ვგულისხმობ, ასე იქცევიან. ოღონდ, უნდა ვკითხო ყველას, რა შუაშია სააკაშვილი, ყველანი ივანიშვილის პატიმრები ხართ, სად მოგელანდათ, რომელ კუთხეში გადაეკვეთეთ სააკაშვილს. არ არის მარტივი ადვოკატებისთვისაც, ადვოკატი ამ სტრესის შემდეგ რომ შედის მის დასაცავ პირთან, რომელიც ასევე სტრესშია, რეალურად მისი პროფესიული შესაძლებლობები ქვეითდება, რადგან ჯოჯოხეთის გავლას ჰგავს ეს ყველაფერი იმ ადამიანისთვის, ვინც მიუჩვეველია და ვისთვისაც ეს სულერთია, მათ რიგებს მე მივეკუთნები, მაგრამ სხვებისთვის ეს არ არის მარტივი. პალატაში სულ ისმის ხმა, სააკაშვილი იძულებულია, ბოლომდე აუწიოს ტელევიზორს. მუდმივად არის ეს ხმაური, ღამის განმავლობაშიც. ვინ აყვირებს ამ პატიმრებს? ესეც ჩვენთვის ცნობილია, ზუსტად ის ჩიტო კაცი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუძლურებულია და ამ ვითარებაში უკვე პროგნოზირებას ვეღარ გააკეთებს. ამავდროულად, ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას.

„ხვალინდელ სასამართლოსთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს იქ დასწრებას. ძალიან მაინტერესებს, როგორ ეტყვის უარს დასწრებაზე ციხის ადმინისტრაცია. თუ ხუთი სართულის ჩამოსვლა, აქ საათების განმავლობაში სკამზე დაჯდომა და ლაპარაკი შეუძლია, როგორ აგვიხსნის, რომ თურმე ის სასამართლოში ვერ უნდა წავიდეს. მისი პირადი უსაფრთხოება აქ ძალიან მძიმედ გარღვეულია, ასე რომ, არა მგონია, ამ ქვეყანაში არსებობდეს მეორე ადგილი, სადაც ასეთი საფრთხის ქვეშ არის სააკაშვილის უსაფრთოება, როგორც აქ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, გვარამია აღნიშნავს, რომ აქვთ ეჭვი, დაწესებულებაში სააკაშვილის შესვლის წინ მედპერსონალი სუს-ისთვის სანდო ადამიანებით ჩაანაცვლეს.

„ექიმების კომპეტენციასთან დაკავშირებითაც ვკითხე, ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ აქ ვინც არის მთელი ეს მედპერსონალი, სააკაშვილის შემოსვლის წინ, რამდენიმე დღის განმავლობაში სრულიად არის ჩანაცვლებული სუს-ისთვის სანდო ადამიანებით, რომლებიც როგორი ექიმები არიან, არავინ იცის. მთავარი ექიმის მოადგილე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გასამართლებულია ბავშვის გატაცებისთვის“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

გარდა ამისა, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის საგამოძიებო დეპარტამენტმა მტკიცებულების მოპარვა სცადა.

„იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის საგამოძიებო დეპარტამენტი უკვე საოცრებებს ჩადის. დღეს იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის საგამოძიებო დეპარტამენტი იპარავდა მტკიცებულებას. მათ იცოდნენ, რომ ინსპექტორის წარმომადგენელი შემოდიოდა ტანსაცმლის ამოსაღებად, რათა შემოწმდეს კვალი ტანსაცმელზე. იუსტიციის სამინისტრომ დაასწრო და დაიწყო ამოღების პროცესი. შეცდომაში შეიყვანეს სააკაშვილი, რომელსაც ეძინა და გააღვიძეს. სააკაშვილმა ჩათვალა, რომ ეს ინსპექტორის ხალხია და მოუწერა ხელი. ახლა გავაფრთხილეთ, რომ ჩვენს გარეშე არავის არაფერზე მოუწეროს ხელი. მოუწერა ხელი, გადააბარა ტანსაცმელი და როგორც კი ტელევიზორში ნახა, რომ გარეთ ვდგავართ ჩვენ და ინსპექტორები, მთელი ეს ტანსაცმელი წაართვა და აღარ დასრულდა ეს საპროცესო მოქმედება. ტანსაცმელს ხვალ ამოიღებს ინსპექტორი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, ნიკა გვარამიას თქმით, სააკაშვილი მე-18 დაწესებულებაში მანქანით მიიყვანეს, თუმცა ბოლო 30 მეტრი მანქანით არ გაატარეს.

„გადმოიყვანეს სპეციალურად პატიმრების კორპუსთან და ასმენინეს ის, რაც მოუწყვეს“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ. რაც შეეხება ექსპერტიზას, გვარამიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი ექსპერტიზას გაივლის მხოლოდ მისი პირადი ექიმის და მარიამ ჯიშკარიანის თანამონაწილეობით.

ასევე, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა მთელი საავადმყოფო თუ დაარბია, მაშინ ამის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნონ.

„ფაფის ჭამის ვიდეოს გამოქვეყნება თუ შეიძლება, მიხეილ სააკაშვილმა თუ დაარბია მთელი საავადმოყოფო, სად არის ეს ყველაფერი, ვიდეო ხომ არსებობს? ან პატიმრების „პრახოდები“ რომ არის და წივილ-კივილი, ამის ვიდეოც ხომ არსებობს, რატომ არ აქვეყნებთ? ხომ ამბობთ, რომ არ ხდება, დაგვიმტკიცეთ. მე კი ვიცი, რაც ხდება, შიგნით ვიყავი. ვინ ვინ ცემა, ამის ვიდეო ხომ გაქვთ? შეიძლება, სააკაშვილმა ყველა ცემა, გვაჩვენეთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.