ნიკა გვარამია - მიხეილ სააკაშვილისთვის დღეს, გლდანის ციხეში შიმშილობის შეწყვეტა უფრო საფრთხისშემცველია, ვიდრე შიმშილობის გაგრძელება
ნიკა გვარამია - მიხეილ სააკაშვილისთვის დღეს, გლდანის ციხეში შიმშილობის შეწყვეტა უფრო საფრთხისშემცველია, ვიდრე შიმშილობის გაგრძელება

მიხეილ სააკაშვილისთვის დღეს, გლდანის ციხეში შიმშილობის შეწყვეტა უფრო საფრთხისშემცველია, ვიდრე შიმშილობის გაგრძელება, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„მდგომარეობა არის მძიმე, მას მერე კიდევ უფრო დამძიმდა ჩვენი ინფორმაციით და ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯზე, რომ მიხეილ სააკაშვილი მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა იმ პირობებში, როდესაც ის იქნება შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციისთვის შესაბამის კლინიკაში გადაყვანილი, არანაირი გამოხმაურება ამაზე სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა. განვმარტავ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის დღეს, გლდანის ციხეში შიმშილობის შეწყვეტა უფრო საფრთხისშემცველია, ვიდრე შიმშილობის გაგრძელება“, – განაცხადა გვარამიამ.
მისი თქმით, არსებობს ახალი დასკვნა, რომელიც გვარამიას შეფასებით, მძიმეა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, რვა სპეციალისტის დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის კონდიცია არის ძალიან მძიმე.

„მაგრამ მთავარი არის მისი სამართლებრივი სტატუსი, იგი იმყოფება უწყვეტი წამების ქვეშ. მისთვის რეალურად სამედიცინო დახმარების გაწევა არ ხდება, ხდება მუდმივ ფსიქოლოგიური ზეწოლა, ვერ აღებს ფანჯარას, ვერ აქრობს შუქს, რადგან ნებისმიერ ასეთ ვითარებაში იწყება გარედან ფსიქოლოგიური შტურმი, არამხოლოდ გინება, არამედ მუქარები, რომ ახლა შემოვალთ და გაგისწორდებით.

შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს პრაქტიკულად არ სძინავს და იმყოფება წამების იმ ორი ფორმის ქვეშ, რასაც ჰქვია მუდმივი ხმაური და ანთებული შუქის პირობებში ყოფნა.ორივე საერთაშორისო კონვენციით განიხილება როგორც წამება, როდესაც ადამიანს შეგნებულად არ აძლევენ ძილის საშუალებას. საერთაშორისო კონვენციით, ეს არის წამების უფრო მძიმე ფორმა, ვიდრე, რაც წარმოდგვიდგენია, როგორც წამება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მან მიმართა სახალხო დამცველს, რომ გაითვალისწინოს აღნიშნული დასკვნა და სწორედ სახალხო დამცველის ეგიდით პარიტეტული კომისია შეიქმნას.

„მივმართავთ სახალხო დამცველს, კონსილიუმი პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას მისი ეგიდით. ვითხოვთ ამ დასკვნის გათვალისწინებას სახალხო დამცველის მიერ და ასევე ამ პარიტეტულ კომისიაში ჩვენი მხრიდან ამ რვა ადამიანის შეყვანას.

მივმართავთ ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებს, თუ ამას კიდევ აქვს აზრი, მაგრამ სამართლებრივად ვალდებული ვართ, მივმართოთ, რომ თვითონ წარმოადგინონ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილ კომისიაში, ასევე რვა წევრი. სრულად ვენდობით დღეს არსებული კონსილიუმის შემადგენლობას, რომელიც რეალურად აღარც მოქმედებს, თუმცა სახელმწიფოს განსასაზღვრია იმავე სპეციალისტებით იქნება თუ არა დაკომპლექტებული მათი მხრიდან, თუ შეცვლიან ამ სპეციალისტებს.

ასევე, მივმართავთ სახალხო დამცველს, როგორც წამების საწინააღმდეგო კონვენციის დამატებითი პროტოკოლის ნაციონალური მექანიზმის განმახორციელებელს, მიხეილ სააკაშვილთან შევიდეს მისი წარმომადგენელი, ვინც კურირებს წამების საწინააღმდეგო ნაციონალური მექანიზმს, ვინაიდან იგი არის წამების მსხვერპლი და ეს მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად, დაუყოვნებლივ. მოხდეს წამების იმ ფორმების ინსპექტირება, რომლის ქვეშაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.