ნიკა გვარამია - მიხეილ სააკაშვილი არანაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურაა ქვეყნის ისტორიისთვის, ვიდრე დიმიტრი ყიფიანი იყო
ნიკა გვარამია - მიხეილ სააკაშვილი არანაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურაა ქვეყნის ისტორიისთვის, ვიდრე დიმიტრი ყიფიანი იყო

მიხეილ სააკაშვილი არანაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურაა ქვეყნის ისტორიისთვის, ვიდრე დიმიტრი ყიფიანი იყო, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომელიც საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიოს საკვირაო ქადაგებას გამოეხმაურა.

ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ქართველი პატრიოტები კვდებოდნენ რუსეთის ხელით, რუსების მიერ დანიშნული ეგზარქოსების ხელით იწყევლებოდა ქართველი ერი და ეს არ დამთავრებულა.

გვარამიას თქმით, „ეს არის საეკლესიო ნორმატივების დარღვევით მოსაყდრედ წოდებული, ქართველ სასულიერო პირად წოდებული ვინმე შიო, რომელიც ამბიონზე დგება და გამოაქვს განაჩენი და უსჯის სასჯელს“.

„სასამართლოსაც კი არ გამოუტანია ისეთი განაჩენი, რომელიც ამ კაცმა გამოიტანა და უსჯის სასჯელს ძველი აღთქმის დაუნდობელი წესებით. მას სახარება ნამდვილად არ აქვს წაკითხული, თორემ არ იტყოდა იმას რაც თქვა. არ აქვს წაკითხული და მორჩა. ისმის კითხვა, რას აკეთებდა იგი ზაგორსკში, რუსეთში, როცა იქ სასულიერო აკადემიაში სწავლობდა. რასაც აკეთებენ სხვები. ზაგორსკის აკადემია არის რუსეთის უშიშროების რეკრუტირების ცენტრი. იქ არ იღებენ განათლებას, იქ ადგილს იკავებენ რუსეთის უშიშროების კარტოთეკაში.

დიახ, ამ კაცს, რომელსაც შიო ჰქვია, ადგილი აქვს დათმობილი რუსული უშიშროების კარტოთეკაში, მაგრამ ეს ადგილი მხოლოდ მისი თანამშრომლობის წერილით არ შემოიფარგლება. იმ კარტოთეკაში ბევრი საინტერესო დოკუმენტი და ვიდეოფაილია, რომელიც ამ ადამიანს აიძულებს, რომ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნოდეს და ილაპარაკოს ის სისაძაგლე, რაც ჩვენ ახლა მოვისმინეთ. იყოს ქვეყნის მტერი, მისი თავისუფლების მტერი და რუსი ეგზარქოსი პავლე 21-ე საუკუნეში.

რუსი ეგზარქოსი პავლე არის სადამსჯელო ინკვიზიტორი ქართველთა… მოსაყდრე თუ თანამეინახე შიო – სადამსჯელო ინკვიზიტორი ქართველთა… რუსი ეგზარქოსი პავლე – საქართველოს სხეულიდან განკვეთა დიმიტრი ყიფიანი და აქვე გეტყვით, ისტორიულ ჭრილში მიხეილ სააკაშვილი, თუ უფრო მეტი არა, არანაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურაა ქვეყნის ისტორიისთვის, ვიდრე დიმიტრი ყიფიანი იყო.

შიომ განკვეთა მიხეილ სააკაშვილი ამბიონიდან, მასთან ერთად იმყოფებოდა ის 60 ათასი ადამიანი, ვინც ამ რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მივიდა, განკვეთა ის 600 ათასი ამომრჩეველი, რომელმაც სააკაშვილის პარტიას აძლევს ხმას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა: „სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან“.