ნიკა გვარამია - მეუფე შიო არის მანტიაში შემოსილი აგენტი, საკუთარი ერის მოძულე, გპირდებით, უმალ მოხდება მისი მორალური სიკვდილი, ვიდრე პატრიარქი გახდება
ნიკა გვარამია - მეუფე შიო არის მანტიაში შემოსილი აგენტი, საკუთარი ერის მოძულე, გპირდებით, უმალ მოხდება მისი მორალური სიკვდილი, ვიდრე პატრიარქი გახდება

მეუფე შიო არის მანტიაში შემოსილი აგენტი, საკუთარი ერის მოძულე, გპირდებით, უმალ მოხდება მისი მორალური სიკვდილი, ვიდრე პატრიარქი გახდება, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორი ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომელიც საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიოს საკვირაო ქადაგებას გამოეხმაურა.

ნიკა გვარამიას თქმით, „ეს არის საეკლესიო ნორმატივების დარღვევით მოსაყდრედ წოდებული, ქართველ სასულიერო პირად წოდებული ვინმე შიო, რომელიც ამბიონზე დგება და გამოაქვს განაჩენი და უსჯის სასჯელს“.

„სასამართლოსაც კი არ გამოუტანია ისეთი განაჩენი, რომელიც ამ კაცმა გამოიტანა და უსჯის სასჯელს ძველი აღთქმის დაუნდობელი წესებით. მას სახარება ნამდვილად არ აქვს წაკითხული, თორემ არ იტყოდა იმას რაც თქვა. არ აქვს წაკითხული და მორჩა. ისმის კითხვა, რას აკეთებდა იგი ზაგორსკში, რუსეთში, როცა იქ სასულიერო აკადემიაში სწავლობდა. რასაც აკეთებენ სხვები. ზაგორსკის აკადემია არის რუსეთის უშიშროების რეკრუტირების ცენტრი. იქ არ იღებენ განათლებას, იქ ადგილს იკავებენ რუსეთის უშიშროების კარტოთეკაში.

დიახ, ამ კაცს, რომელსაც შიო ჰქვია, ადგილი აქვს დათმობილი რუსული უშიშროების კარტოთეკაში, მაგრამ ეს ადგილი მხოლოდ მისი თანამშრომლობის წერილით არ შემოიფარგლება. იმ კარტოთეკაში ბევრი საინტერესო დოკუმენტი და ვიდეოფაილია, რომელიც ამ ადამიანს აიძულებს, რომ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნოდეს და ილაპარაკოს ის სისაძაგლე, რაც ჩვენ ახლა მოვისმინეთ. იყოს ქვეყნის მტერი, მისი თავისუფლების მტერი და რუსი ეგზარქოსი პავლე 21-ე საუკუნეში. შიომ განკვეთა მიხეილ სააკაშვილი ამბიონიდან, მასთან ერთად იმყოფებოდა ის 60 ათასი ადამიანი, ვინც ამ რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მივიდა, განკვეთა ის 600 ათასი ამომრჩეველი, რომელმაც სააკაშვილის პარტიას აძლევს ხმას.

პავლესგან განსხვავებით, შიოს შანსი არ აქვს, რომ რამე სხვა გააკეთოს, რადგან მდიდარია ის ოხერი კარტოთეკაც და ვიდეოთეკაც. მდიდარია და მისი მორალური სიკვდილის მომასწავებელია პირველივე გახმაურებასა და გაფაჩუნებაზე. ეს მორალური სიკვდილი მაინც დადგება. ისტორიას ვერ შეცვლი. ვერანაირი შიო, ვერანაირი მისი თანამოაზრეები ეკლესიაში, საქართველოს ვერ გადაასახლებენ სტავროპოლში. ვერ განკვეთავ მიხეილ სააკაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად სიკვდილის მოწოდება იყო. ადამიანები, რომლებიც ლაპარაკობენ, რომ დიდი შერიგება არ არის ის, რაც სახარებაში წერია, არასდროს არ გახდებიან საქართველოს პატრიარქატები. არც ეს და არც სხვა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბევრად უფრო დიდ ისტორიას ითვლის, ვიდრე რუსეთის სახელმწიფო და მით უმეტეს, მისი მართლმადიდებელი ეკლესია და უშიშროების სამსახურები. ასე რომ, ეს არ გამოვა. თვალებში გიყურებთ, მეუფე შიო და მე გპირდებით, უმალ თქვენი მორალური სიკვდილი დადგება, ვიდრე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდებით, ვიდრე უფლება გექნებათ, ვინმე განკვეთოთ“, – აღნიშნა გვარამიამ.

მისივე თქმით, „გასაკვირია, რომ შიოს ამბიონზე ცოცხი არ ეჭირა და არ იქნევდა, როგორც ველური, დაქირავებული მასხარები“.

„რა სხვაობაა ცოცხოსნებსა და შიოს შორის. არანაირი. უფრო სწორად, სხვაობა არსებობს, მაგრამ ცოცხოსნების სასარგებლოდ. ისინი გაცილებით უვნებელი არიან, ვიდრე ეს კაცი, რომელიც მანტიაში შემოსილი აგენტია, სულიერად გახრწნილი და ადამიანთა, საკუთარი ერის მოძულე. დიახ, ისეთი მოღალატეების ხვედრი, როგორიც შიოა, ნამდვილად არის ის, რაც დღეს მან თითქოს სააკაშვილს დაუდგინა. განკვეთა. განკვეთა ქართული სახელმწიფოებრიობის და საზოგადოების სხეულიდან. და ეს მოხდება, შიო. ეს მოხდება უმალ, ვიდრე თქვენ კათოლიკოს-პატრიარქი გახდებით, გარწმუნებთ. არის თუ არა შიოზე რაიმე სუს-ის გამოქვეყნებულ ფაილებში? არის. ზუსტად ის, რასაც ამდენი ხანი გიყვებით ძალიან მოკლე ისტორიაში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა: „სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან“.