ნიკა გვარამია კატეგორიულად უარყოფს, რომ გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს
ნიკა გვარამია კატეგორიულად უარყოფს, რომ გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კატეგორიულად უარყოფს, რომ მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს. ამის შესახებ ნიკა გვარამია Facebook-ში პოსტს აქვეყნებს.

„ალო, პირველი არხის წამყვანო გალსტუკ-ჟილეტით, უსახელოვ და უგვაროვ. აბა, სადმე მანახე, სად დავაფიქსირე, რომ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი ვარ, როგორც ეს დებატებში განაცხადე.

ან მოიყვანე ერთი მტკიცებულება მაინც, ან მოიხადე ბოდიში საჯაროდ შენც და შენმა არხმაც.

აქვე მივმართავ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საჯარო განაცხადით, შეისწავლოს ამ არაკვალიფიციური დეზინფორმატორის ქმედება Nata Dzvelishvili“, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტს იქვე გამოეხმაურა ნატა ძველიშვილი, რომელმაც ნიკა გვარაიას განუმარტა, რომ თუ ქარტიის მიერ საქმის წარმოების დასაწყებად სპეციალური ონლაინ-ფორმის შევსებაა საჭირო.

„ნიკა, ქარტიას საკუთარი ინიციტივით არ შეუძლია საქმის წარმოების დაწყება. აი, ამ მარტივი ფორმის შევსებაა საჭირო. თუ ფიქრობ, რომ დარღვეულია ეთიკის სტანდარტები, შეგიძლია შემოიტანო განცხადება“, – წერს ნატა ძველიშვილი და იქვე უთითებს ბმულს, სადაც სპეციალური ფორმის შევსებაა შესაძლებელი.