ნიკა გვარამია - დანაშაული არ ჩამიდენია, რომ მჭირდებოდეს, იურისტი ვარ და შემიძლია, ჩადენის დროს კვალი არ დავტოვო
ნიკა გვარამია - დანაშაული არ ჩამიდენია, რომ მჭირდებოდეს, იურისტი ვარ და შემიძლია, ჩადენის დროს კვალი არ დავტოვო

ქვეყანაში, სადაც სამსიტყვიანი გინებისთვის ცხრა თვეს უსჯიან, ყველაფერია მოსალოდნელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განუცხადა კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ ტელეკომპანიის ფინანსურ საქმეებზე ბრალდებული გახდეს და ელოდება თუ არა დაკავებას.

გვარამიას თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში რასაც ჰკითხავენ, იმაზე გასცემს პასუხს.

„საუბარია 2015 წელზე, ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობაზე, რაც როგორც იცით, ყველა კომპანიაში ფინანსური ხელმძღვანელობის საქმეა. ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. რომ მჭირდებოდეს, იურისტი ვარ და შემიძლია, ჩადენის დროს კვალი არ დავტოვო. თან ძალიან კარგი იურისტი ვარ. მით უმეტეს, უდანაშაულობის შემთხვევაში არანაირ კვალს არ ვტოვებ. ამ ქვეყანაში, სადაც სამსიტყვიანი გინებისთვის ცხრა თვეს უსჯიან, ყველაფერია მოსალოდნელი. კუპრავას ჩემზე უფრო ნაკლები გინებისთვის შეუფარდეს, თან – ცხრა თვე. უპრეცედენტო რაღაცაზე ვსაუბრობთ, ეს მთელი ევროპის მასშტაბით ქრესტომათიური საქმე გახდება, თუ იგივე სექციამ არ განიხილა – მდიდარმა, აზერბაიჯანელი და სხვა პოსტსაბჭოთა მოსამართლეებით დაკომპლექტებულმა, რომელმაც „რუსთავი 2“-ის საქმე განიხილა. კუპრავა აუცილებლად მოიგებს და ეს საქმე პრეცედენტული გახდება“, – დასძინა გვარამიამ.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება.