ნიკა გვარამია – იაგო ხვიჩიას ვუსმენ, გამოჭერილი აგენტის თავის მართლებაა, ეგ კაცი დაშლის „ნაცმოძრაობას“, თან ისე დაშლის, წელს რომ ვერ აითრევს ვერასდროს

01:52, 10.09.2026

ნაცებმა საკუთარი თავი თავად გადასცეს ხელში ქართული პოლიტიკის ყველაზე გამორჩეულ ნაძირლებს და მატყუარებს. ვეჭვობ, ეს არჩევანი ძვირად დაუჯდებათ, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„იაგო ხვიჩიას ვუსმენ „ფორმულაზე“, გიორგი თარგამაძესთან. გასაკვირია, მარა ესეც ხდება ხოლმე. ჩვეულებრივი თავის მართლებაა გამოჭერილი, გამოაშკარავებული აგენტის: უამრავი ტყუილით, საღი აზრისა და ლოგიკის მინიმალურ ტესტს რომ ვერ გაივლის.

ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ეგ კაცი დაშლის „ნაცმოძრაობას“, საკუთარ მოკავშირედ რომ აცხადებს ახლა და ყვება, მიშას და ბიძინას შერიგებისთვის როგორ იღწვის. თან ისე დაშლის, წელს რომ ვერ აითრევს ვერასდროს. შეიძლება, სწორედ ესაა მიზანი, ან შეიძლება, ოპორტუნისტულად იყენებს მოფამფალებული ენმ-ის უღონობას და წყალწაღებულის მიერ ყველა ხავსის მოჭიდების სურვილს. არ ვიცი, და დიდად არც ჩავეძიები, ჩემი პრობლემა ეს არ არის.

მიშამ კიდე ნიშნოს პარტიის ლიდერებად ურეპუტაციო დედალიიაგოები და სდიოს „ახლებს“ ამორალური და ბინძური ტყუილებით. მარტო პარტია კი არ შემოეშლება ხელში, შემდეგ ინტერვიუებში უკვე ეს ქოცების ფულზე მჯდომი ფარჩაკი იმას მოყვება, ბიძინასთან სააკაშვილის შენათვალი როგორ მიჰქონდა, და ამ შენათვალის შინაარსსაც გაგვაცნობს.

მერე მამალიიაგოებისა და დედალიიაგოების კრიახი და ურთიერთკორტნა ვერ აღადგენს ჩაქვესკნელებულ რეპუტაციას. არც ეგ არაა ჩემი პრობლემა: ნაცებმა საკუთარი თავი თავად გადასცეს ხელში ქართული პოლიტიკის ყველაზე გამორჩეულ ნაძირლებს და მატყუარებს. ვეჭვობ, ეს არჩევანი ძვირად დაუჯდებათ“, – წერს ნიკა გვარამია.

მსგავსი