ნიკა გვარამია გლდანის მე-18 დაწესებულების ტერიტორიაზე შესვლას ითხოვს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა [ვიდეო]

გლდანის # 18 დაწესებულებასთან მივიდა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია. ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლას ითხოვს.

როგორც ნიკა გვარამია აცხადებს, პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლას შეეცდება. მისივე თქმით, სრული უფლება აქვს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულოს. ნიკა გვარამიას განცხადებით, არ აპირებს ტერიტორიის დატოვებას, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ მოინახულებს.

ადგილზე ნიკა გვარამიასა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა.

როგორც ადგილზე მყოფი სამართალდამცველების წარმომადგენელმა, თემურ კუპატაძემ განაცხადა, მათ ადგილზე მყოფებს შესასვლელის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

„მოგვიწია, მიგვეთითებინა, საით უნდა გადასულიყვნენ. გავათავისუფლეთ შესასვლელი. ნახეთ აქ დამატებითი ძალები იქამდე, ვიდრე ეს ფაქტი არ მოხდა და ბატონმა ნიკამ არ მოახდინა ციხის შესასვლელის ბლოკირება? ნახეთ იქამდე ერთი პოლიციელიც კი? როდესაც გახდა ამის საჭიროება, იმ შემთხვევაში მოვედით ადგილზე და მოვახდინეთ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება“, – განაცხადა თემურ კუპატაძემ.