ნიკა გვარამია - გირაოს გადახდას არ ვაპირებ, გამაფრთხილეს, რომ ამის გამო შესაძლოა, ჩემი პასუხისმგებლობა დამძიმდეს, ვერ ვხედავ პრობლემას, დამძიმდეს
ნიკა გვარამია - გირაოს გადახდას არ ვაპირებ, გამაფრთხილეს, რომ ამის გამო შესაძლოა, ჩემი პასუხისმგებლობა დამძიმდეს, ვერ ვხედავ პრობლემას, დამძიმდეს

გირაოს გადახდას არ ვაპირებ, გამაფრთხილეს, რომ ჩემი პასუხისმგებლობა ამის გამო შესაძლოა, დამძიმდეს, მე ვერ ვხედავ პრობლემას, დამძიმდეს. იმთავითვე ვთქვი, რომ ამისთვის მზად ვარ, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამია პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, დღეს პროკურატურაში გირაოს უნიკალური კოდი გადასცეს.

„გირაოს უნიკალური კოდის გადმოცემის პროცედურა იყო, ამ დოკუმენტში შეგნებულად არც ჩამიხედავს და არც ჩამიბარებია. ეს უნიკალური კოდი არ ვიცი. ეს იცის მხოლოდ ამ უწყებამ, ამიერიდან, თუ ვინმემ რამე შეიტანა ჩემს ანგარიშზე, არის ამ უწყების დამსახურება, ანუ მხოლოდ მათ შეიძლება გათქვან ეს უნიკალური კოდი, ჩემგან ეს ვერ მოხდება, რადგან ამ ინფორმაციას არ ვფლობ. გირაოს გადახდას არ ვაპირებ, გამაფრთხილეს, რომ ჩემი პასუხისმგებლობა ამის გამო შესაძლოა, დამძიმდეს. დამძიმდეს, ვერ ვხედავ პრობლემას. იმთავითვე ვთქვი, რომ მე მზად ვარ ამისთვის. ის, რაც ნებაყოფლობით უნდა შესრულდეს ჩემ გამო, როგორც აღკვეთის ღონისძიება, მე ამას არ შევასრულებ, რადგან თავი მიმაჩნია უდანაშაულოდ. თუ იმ ღონისძიებას მომისჯიან, რომელიც იძულებას გულისხმობს, ანუ აღკვეთას, დავემორჩილები. გიჟი ხომ არ ვარ, სახელმწიფოა და კი, ბატონო, აღმიკვეთონ თავისუფლება. ამისთვის მზად ვიყავი იმთავითვე. ასე რომ, რაც ნებაყოფლობითია, იმას მე არ შევასრულებ, თავიდანვე ვიძახდი და მაინც შემიფარდეს ის, რაც ნებაყოფლობითია და გადაწყვეტილება თავად მიიღონ, ჩემთვის ეს მეორეხარისხოვანია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, პროკურატურაში გამოცხადებაზე უარს არ იტყვის.

„იცით, რომ სამი საქმეა ჩემზე აღძრული, ერთზე გამასამართლეს და გავმართლდი, მერე კიდევ რაღაც სახელმწიფო გადატრიალებები იყო, არც ერთ სტატუსში, არც ბრალდებულისა და არც მოწმის, მე უარი არ მითქვამს გამოცხადებაზე. ჩათვალეს საჭიროდ გირაო, ჰქონდეთ გირაო, რომელსაც მე არ გადავიხდი. გამოცხადებაზე უარს ისედაც არ ვაპირებ, ეს ჩემი შინაგანი დამოკიდებულებაა ამ ყველაფრის მიმართ და პატივს ვცემ ამით სახელმწიფოს და არა პროკურატურას, დანარჩენს ისე გადავწყვეტ, როგორც საჭიროა.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს, არავითარი ილუზია არ მქონდა, რომ განიხილავდა ამ საჩივარს. ახლა რაღაც ახალი განმარტებისთვის მიუგნია, არ არის ჩემთვის ეს საინტერესო, თან როცა ვიცი, რა შედეგით დასრულდება, ეს მასალები იქნება და შეადგენს ჩემი პოლიტპატიმრობის საქმეს, ამაში დარწმუნებული ვარ. დანარჩენი ისე ქნან, როგორც უნდათ. მე ისე ვიზამ, როგორც საჭიროდ მივიჩნევ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათასლარიანი გირაო შეუფარდა, მას საქართველოს საზღვრის დატოვებაც შეეზღუდა.  ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ გირაოს სახით შეფარდებული არანაირი თანხის გადახდას არ აპირებს.