ნიკა გვარამია - გადასახადებს თეთრი თეთრში ვიხდიდი, ვიდრე შეუძლებელი არ გახდა გადასახადებისა და ჩემი გუნდისთვის ხელფასების გადახდა ერთდროულად 
ნიკა გვარამია - გადასახადებს თეთრი თეთრში ვიხდიდი, ვიდრე შეუძლებელი არ გახდა გადასახადებისა და ჩემი გუნდისთვის ხელფასების გადახდა ერთდროულად 

ჩვენ გადასახადებს ვიხდიდით, ვიდრე ყადაღა დაგვედებოდა და ყადაღის პირობებშიც ვიხდიდით აბსოლუტურად თეთრი თეთრში იმ გადასახადებს, რომელიც გვევალებოდა, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამია განაცხადა.

როგორც ნიკა გვარამია აღნიშნა, „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტმა ფინანსთა სამინისტროს ყადაღის მოხსნის თხოვნით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

„ჩვენ არ ვართ ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს ვალდებულებებს არ აღიარებენ. ჩვენ ვიხდიდით, ვიდრე ყადაღა არ დაგვანგრევდა, ვიდრე ყადაღა დაგვედებოდა და ყადაღის პირობებშიც ვიხდიდით აბსოლუტურად ზუსტად თეთრი თეთრში იმ გადასახადებს, რომელიც გვევალებოდა. შეგახსენებთ, ვინც მიჩივის, იმის ქმარი არ იხდიდა გადასახადებს, ის იყო მაშინ დირექტორი, ხელისუფლებაც მისკენ იყო და გადასახადები არ გადაუხდია, გაუნულეს. მე ვიხდიდი თეთრი თეთრში გადასახადებს, ვიდრე შეუძლებელი არ გახდა გადასახადების და ჩემი გუნდისთვის ხელფასების გადახდა ერთდროულად. ამასთან დაკავშირებით ჩვენ თავიდანვე გვქონდა წინადადება, რომ მოეხსნათ ყადაღა და გადავიხდიდით გადასახადებს, ეს არ მოხდა. შემდეგ ღიად ვთქვით, რომ ორივეს ერთად ვერ მოვახერხებდით და ამ ორ საკითხს შორის არჩევანი გავაკეთეთ კომპანიის ფუნქციონირების სასარგებლოდ. საურავები რომ გროვდებოდა, არაერთგზის მივწერეთ ფინანსთა მინისტრს, არ მახსოვს მაჭავარიანი იყო თუ წინამორბედი, არც ერთი პასუხი არ მიგვიღია არც კი, არც არა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, დღეს ამ ყველაფრის გამოტანა იმიტომ ხდება, რომ „რუსთავი 2“ მოარგონ არსებულ მყიდველს, რომელიც იქნება ბიძინა ივანიშვილი.

„პროცესი წავა გაკოტრებისკენ და ამ ფორმით მოხდება შესყიდვა. ვსვამ კითხვას, „მაესტრო“ და „იმედი“ ხომ ერთი ჰოლდინგია, საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს მიმართ ჯამურად იგივე აქვთ, რაც „რუსთავი 2“-ს. „რუსთავი 2“ რატომაც არ იხდიდა გასაგებია, ეს ჰოლდინგი რატომ არ იხდის, ვინმეს პასუხი აქვს. მას ჰქონდა სახელმწიფოს მხრიდან მითითება, რომ არ გადაეხადა. ახალ ხელისუფლებას აუცულებლად შევთავაზებ, რომ საქართველოში დიდი და მცირე მედიები ყველაზე ცოტა 10 წელი მაინც გათავისუფლდნენ ყველანაირი გადასახადისგან, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ დაანგრია მედიისთვის შემოსავლის ლეგიტიმური წყარო, დაანგრია სარეკლამო ბაზარი და ვიდრეს ეს, გადასახადები უნდა იყოს გაუქმებული, სხვანაირად ფინანსურად დამოუკიდებელ მედიას ჩვენ ვერ მივაღწევთ. ეს არის ჩემი პასუხი ვანო მაჭავარიანს, რომელიც არაფერ შუაში არ არის პრინციპში. მისი ბრალი ეს ყველაფერი არ არის, ეს არის პასუხი შექმნილ სიტუაციაზე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.