ნიკა გვარამია – ე.წ. რიყის დოქები 75 მილიონი დაჯდა, ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ არ მივცეთ ფუქსასის ქმნილების დანგრევის შესაძლებლობა, თავს ნუ მოვიჭრით მსოფლიოს წინაშე
მსოფლიო არქიტექტურის უახლესი პერიოდის მარგალიტია ე.წ. რიყის დოქები, ვინმე „კერძო მესაკუთრე“ 75-მილიონიან შენობას რომ ანგრევს, უფრო ძვირფასს რას აშენებს? – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
მიოსივე თქმით, ე.წ. რიყის დოქები გამოჩენილი არქიტექტორის, მასიმილიანო ფუქსასის პროექტია.
„მსოფლიო არქიტექტურის უახლესი პერიოდის მარგალიტია ე.წ. რიყის დოქები. 75 მილიონი ლარი დაჯდა მისი აშენება და გამოჩენილი არქიტექტორის მასიმილიანო ფუქსასის პროექტია. ვინმე „კერძო მესაკუთრე“ 75-მილიონიან შენობას რომ ანგრევს, თან მსოფლიო არქიტექტურის მიღწევად რომ ფასდება სხვადასხვა გავლენიანი არქიტექტურული გამოცემების მიერ, უფრო ძვირფასს რას აშენებს? ან რა უფლებით ანგრევს? ივანიშვილის, ამ პატარა ჰეროსტრატეს, გემოვნებით და პირადი სიძულვილით ნაკარნახევი გადაწყვეტილბებით მცხოვრები საზოგადოება ვართ. და თუ არ ვართ, არ უნდა დავუშვათ ეს ბარბაროსობა!
ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ არ მივცეთ ფუქსასის გამორჩეული ქმნილების დანგრევის შესაძლებლობა! არ დავაზიანებინოთ დედაქალაქი! თავს ნუ მოვიჭრით მსოფლიოს წინაშე და ნუ ვაფიქრებინებთ ყველას, რომ ბარბაროსები ვართ“, – წერს გვარამია.
ცნობისთვის, თბილისში, რიყის პარკში მდებარე ე.წ. დოქების დემონტაჟი იგეგმება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილება მესაკუთრე კომპანიამ მიიღო, ხოლო მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა მას შემდეგ გასცა, რაც ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.