ნიკა გვარამია - დამაბრუნონ „რუსთავი 2“-ში, გავისტუმრებ ხელფასებს და ვაცოცხლებ ამ კომპანიას კიდევ შვიდი წელი
ნიკა გვარამია - დამაბრუნონ „რუსთავი 2“-ში, გავისტუმრებ ხელფასებს და ვაცოცხლებ ამ კომპანიას კიდევ შვიდი წელი

დაკავებას ველოდები, მაგრამ დამაკავებენ თუ არა, ვნახავთ – ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განუცხადა, რომელიც გამოკითხვაზე საქალაქო სასამართლოში იმყოფება.

ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-ის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელ ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთაა.

„საქართველოში არის ოლიგარქია. ეს საკითხი უკვე გარკვეული და გაცნობიერებულია არა მხოლოდ ჩვენ მიერ, არამედ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორებისა და მათი ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ. გუშინ, მათთან მთელი დღე ვსაუბრობდი. ეს ემსახურება იმას, რომ ახალი ტელევიზია ვერ გავაკეთო, მაგრამ მაინც გავაკეთებ და მეორე, გააკოტრონ „რუსთავი 2“, რასაც აუცილებლად გააკეთებენ და მე დამაბრალებენ. დამაბრუნონ და კიდევ გავისტუმრებ ხელფასებს, ვაცოცხლებ ამ კომპანიას კიდევ შვიდი წელი“, – აღნიშნა გვარამიამ.

გვარამია „რუსთავი 2“-ის მოქმედი დირექტორის, პაატა სალიასა და მოდავე მხარის – ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„დირექტორი იურისტია და მან უნდა იცოდეს, რომ ეს არის სამოქალაქო წარმოების საქმე. ნიჟარაძეს იგივე თემაზე სამოქალაქო სარჩელი აქვს შეტანილი. გაუგებარია, სისხლის სამართლებრივი წესით, რაზე დაობს, რადგან ჯერ სამოქალაქო დავა დაამთავროს და იქ რაც დადგინდება, იმის მიხედვით იდავოს სისხლის სამართალში. ერთიც და მეორეც არც იურისტია და არც მფლობელი. ორივე ბიძინა ივანიშვილის ხელის ან ფეხის ფრჩხილები არიან. ხომ იცით, ნინო ნიჟარაძის ადვოკატი ვინც არის? – შევარდნაძის, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საადვოკატო პროსტიტუციას ეწეოდა და დღესაც ეწევა. პროსტიტუციის მოხმარების ადგილი სხვაგან არის და მაგ ადვოკატს აუხსენით. მისი ქმარი რატომ ვაჭრობდა საშუამავლო კომპანიების მეშვეობით?! ნიჟარაძემ ეს კითხვა რომ დაუსვას, არ ვიცი, როგორ, თეფშით თუ გამოძახებით?! საშუამავლო კომპანიების გარეშე კომპანიები არ ვაჭრობენ, ეს კომერციული საქმიანობის ანბანია, თუ ეს სალიას ან ნიჟარაძეს არ ესმით, ჩემთვის გასაგებია, რადგან არცერთმა არ იციან, რა არის ტელევიზია“, – დასძინა გვარამიამ.