ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს
პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.
სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, ისინი გაძევებული იქნებიან სხდომის დასრულებამდე, თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს მათი დაბრუნების შესახებ შუამდგომლობას.
რევაზ ნადარაიას თქმით, ნიკა გვარამია სასამართლოსგან მუდმივად იღებდა შენიშვნას წესრიგის დარღვევისთვის, რაც, მისივე განმარტებით, გამოიხატებოდა ადგილიდან წამოძახებებში და, სასამართლოს თანხმობის გარეშე, მოსარჩელე მხარის სიტყვით გამოსვლის დროს განცხადებების გაკეთებაში. რევაზ ნადარაიას თქმით, ეს ყველაფერი ხელშემშლელია სასამართლოსთვის.
ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მოსარჩელე მხარის მხრიდან პიროვნული მითითებების მიცემა სწორი არ არის. ამასთან, მოპასუხე მხარე აღნიშნავდა, რომ პიროვნულ შეურაცხყოფაზე პასუხი გაძევების საფუძველი ვერ იქნებოდა.
ნიკა გვარამიას გაძევებასთან დაკავშირებით მაია კოპალეიშვილმა აღნიშნა, რომ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება და „ოცნების“ დავალება, რაც განახორციელა სასამართლომ.
რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილს მიმართა, თავი შეეკავებინა სასამართლოს კრიტიკისა და შეურაცხყოფისგან.
„შეურაცხყოფაა, როდესაც ამბობთ, მე დავალება მივიღე, რომ ბატონი გვარამია გამეძევებინა. თქვენ უკვე ორი დღეა, მიზანმიმართულად მიდიხართ იქითკენ, რომ მე გაგაძევოთ დარბაზიდან. მიჩნდება ეჭვი, შეკითხვებს ხომ არ გაურბიხართ? შეურაცხყოფა მიაყენეთ სასამართლოს, რომ მიიღო ვიღაცისგან დავალება გვარამიას გაძევებაზე“, – მიმართა რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილს.
მაია კოპალეიშვილის თქმით, შეიზღუდა მოპასუხე მხარის საპროცესო უფლებები და მოითხოვენ სასამართლო სხდომაზე კვლავ დაშვებას.
ამ წუთებში სასამართლო პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.