ნიკა გვარამია - ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამშობლოს გადასარჩენად ყველა კანონიერი, კონსტიტუციური და კონვენციური გზა არის გამართლებული, ვერავინ გვისაყვედურებს, რაც არ უნდა ილაპარაკოს შს მინისტრმა
ნიკა გვარამია - ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამშობლოს გადასარჩენად ყველა კანონიერი, კონსტიტუციური და კონვენციური გზა არის გამართლებული, ვერავინ გვისაყვედურებს, რაც არ უნდა ილაპარაკოს შს მინისტრმა

ჩვენ ვფიქრობთ, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრებმა ჯერ უნდა გაიარონ ეს სირცხვილის კორიდორები და მერე თუ მოხვდებიან პარლამენტში, ვნახოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური გაერთიანება „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პარლამენტის შენობასთან განუცხადა, სადაც აქცია მიმდინარეობს.

„რა არის გეგმაო, რომ კითხულობენ ყოველთვის, გეგმა არის უნივერსალური და მარტივი, გავაკეთოთ ყოველდღე ყველაფერი ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს. მე სხვანაირად ვერ ვხედავ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამშობლოს გადასარჩენად ყველა კანონიერი, კონსტიტუციური და კონვენციური გზა არის გამართლებული და საჭირო. ვერავინ გვისაყვედურებს, ვერც მორალურად, ვერც პოლიტიკურად და, მით უმეტეს, ვერც სამართლებრივად, რაც არ უნდა ილაპარაკოს ახლა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც ისე ფლობს სამართლებრივ განზომილებებს, როგორც მე ვფლობ ჩინურ ენას. ამიტომ ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი უფლებამოსილებებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, ერთდროულად. ჩვენ ქვეყნის გადარჩენას ვაპირებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მისია გვაკისრია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრებმა ჯერ უნდა გაიარონ ეს სირცხვილის კორიდორები და მერე თუ მოხვდებიან პარლამენტში, ვნახოთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებას, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ამოქმედების ვადამ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, ნოემბრისთვის გადაიწიოს, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი მაშინ იყო სწორი, როდესაც ამბობდა, რომ ამ კანონის გაკეთილშობილება არ შეიძლება და ის არ უნდა იქნას მიღებული.

„თუ სამივე მოსმენით უნდა იყოს მიღებული იმ დათქმით, რომ ოდესღაც ძალაში შევიდეს, მე პირდაპირ ვამბობ, რომ სეზონური გულყრები არ მემართება კანონებთან დაკავშირებით. ეს კანონი რუსულია ყველა სეზონზე და ყველა ამინდში. ამიტომ ეს კანონი მიღებული არ უნდა იქნეს. სწორი იყო ზურაბიშვილი, როდესაც ამბობდა, რომ მისი გაკეთილშობილება შეუძლებელია, რადგან ვერ გააკეთილშობილებ მტრულ, ტოქსიკურ კანონს, ის არ უნდა იქნეს მიღებული. მე საერთოდ არ მაღელვებს ვეტო, რომელსაც დაადებს ზურაბიშვილი, მერე ესენი რას გაასწორებენ, რა იქნება მიღებული და ა.შ.“ – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.