ნიკა გვარამია - არ უნდა გვეშინოდეს, არ უნდა ვაგინებდეთ ერთმანეთს, არ ვიცი, რას ემსახურება პოლიტიკოსების ყოველდღიურად გინება, სხვის კრიტიკას, სჯობს, საკუთარ მოსაზრებებზე ილაპარაკონ
ნიკა გვარამია - არ უნდა გვეშინოდეს, არ უნდა ვაგინებდეთ ერთმანეთს, არ ვიცი, რას ემსახურება პოლიტიკოსების ყოველდღიურად გინება, სხვის კრიტიკას, სჯობს, საკუთარ მოსაზრებებზე ილაპარაკონ

პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, უამრავი ადამიანი ზის ციხეში ბრძოლისთვის, საკუთარი სამშობლოს სიყვარულისთვის და მათ გამოსაყვანად ბოლომდე იბრძოლებს.

„უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ ადამიანები კიდევ რჩებიან არა მხოლოდ ამ ციხეში, არამედ გვერდით, ქალთა ციხეში. უამრავი ადამიანია გლდანის ციხეში. უხერხულობა გარდაიქმნება იმად, რომ ძალიან მალე ბოლომდე ვიბრძოლებ მათი აქედან გამოსაყვანად. ყველანი თავს ვგრძნობთ ნაკლოვანად, მორალური თვალსაზრისითაც. მათი ძალა, შემართება, ენერგია გვაკლია. აქ არის ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, გვერდით ელენე, მიშა, მურთაზი, ხაბე. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. მზია ბრმავდება გვერდით ქალთა ციხეში, საბა აწამეს, ისიც რუსთავშია. უამრავი ბიჭი თუ ხნოვანი ადამიანი ზის ციხეში ბრძოლისთვის, საკუთარი სამშობლოს სიყვარულისთვის. ეს ქვეყანა ვერასდროს იქნება ისეთი, ვიდრე მათ დაჭერამდე იყო. ეს გამორიცხული ამბავია. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ხალხის გარეშე გამარჯვება გაგვიჭირდება, თუ საერთოდ შესაძლებელია. ამიტომ ძალიან მალე ისინი უნდა გამოვიყვანოთ აქედან“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კითხვაზე, – „ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკოსები განსაკუთრებულ აქცენტს სვამენ ერთიანობაზე, რას ფიქრობთ, თქვენ ჩაერთვებით თუ არა?“ – გვარამიამ უპასუხა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვების შინაარსია.

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სიტყვების შინაარსი. ერთი რამ ვიცი, ერთად უნდა გვხედავდნენ, ერთად ვმუშაობდეთ და ერთად მოვიტანოთ შედეგი. ყბადაღებულ სიტყვა „ერთობას“ არ ვიხმარ, არ ვიცი, ამის უკან ვინ როგორ რას მოიაზრებს, ყველა სხვადასხვა რამეს – ერთ პოლიტიკურ სუბიექტს, სალაპარაკო პლატფორმას თუ ასე შემდეგ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორია მოქმედების პლატფორმა.

ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემი თვითმიზანი კი არ არის. მეც მინდა, ვიცხოვრო ჩვეულებრივი ცხოვრებით, თუნდაც სრულიად არაპოლიტიკურით, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა იქნება თავისუფალი, ნამდვილად ქართული და ევროკავშირის წევრი, რათა ყველამ ბედნიერად ვიცხოვროთ, მათ შორის, „ქოცებმაც“. „ქოცებს“, ვინც აქ არიან, ან თუ უკვე აღარ არიან „ქოცები“, მათი ყოფილი თანამდებობის პირები არიან, განვიხილავ პოლიტიკურ პატიმრებად. პოლიტიკური პატიმარი იზომება არა იმით, ადამიანმა ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება, არამედ მთავარი საზომია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ადამიანს არ ღირსებია და არც ეღირსება თავისუფალი სასამართლო“, – აღნიშნა ანიკა გვარამიამ.

გვარამიას კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს, – „როგორ შეიძლება დამარცხდეს რეჟიმი?“ – რაზეც გვარამიამ აღნიშნა:

„არ უნდა გვეშინოდეს, არ უნდა ვაგინებდეთ ერთმანეთს. არ ვიცი, რას ემსახურება პოლიტიკოსების ყოველდღიურად გინება. ჩვენც ციხეში პოლიტიკოსები ამას ვადევნებთ თვალყურს და პასუხსაც არ ვცემთ, რადგან ეს არ მიგვაჩნია სწორად და არც მთავარი გვგონია. ყველას ვთხოვდი, სხვის კრიტიკას, სჯობს, ილაპარაკოს საკუთარ მოსაზრებებზე, თავად რას აკეთებს და რას ფიქრობს, რა უნდა გაკეთდეს. იქნებ ვეთანმებით და ჩვენც, როგორც რიგითი ჯარისკაცები, ამას ვაკეთებთ. ჩვენ არ ვართ მხედართმთავრები, ჩვენ ვართ მებრძოლები, ვისაც გვაქვს პრეტენზია, რომ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს. ჩვენი პრეტენზიები თუ  ფუჭია, არავინაა შეზღუდული, სწორი რეცეპტები დადოს“.

პარტია „ახლის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე სასამართლომ პირველ ივლისს რვა თვით პატიმრობა შეუფარდა. გვარამიას ასევე აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.