ნიკა გვარამია - ამაღამ მივფრინავ სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე, იმედი მაქვს, სხვა კოალიციიდანაც ვიხილავ ხალხს, გვექნება წინადადებები, მათ შორის სია იმ ადამიანების, ვინც უნდა დასანქცირდნენ
ნიკა გვარამია - ამაღამ მივფრინავ სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე, იმედი მაქვს, სხვა კოალიციიდანაც ვიხილავ ხალხს, გვექნება წინადადებები, მათ შორის სია იმ ადამიანების, ვინც უნდა დასანქცირდნენ

ამაღამ მივფრინავ სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე, იმედი მაქვს, სხვა კოალიციიდანაც ვიხილავ ხალხს, გვექნება ჩვენი წინადადებები, მათ შორის ჩვენი სია იმ ადამიანების, ვინც უნდა დასანქცირდნენ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გვარამიას თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის მსჯელობის ფორმატი და „კარგია, რომ ეს ფორმატი აღდგა“.

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ პასუხი გავცეთ შეკითხვას, როგორ მივდივართ არჩევნებამდე, როგორი უნდა იყოს არჩევნები და ასე შემდეგ. აუცილებლად სჭირდება ეს პასუხები მოსახლეობასაც, გამხნევებაც, მაგრამ ასევე გზის დანახვებაც. მიხარია, რომ ყველა კოალიცია ვიყავით აქ, სხვა პოლიტიკური პარტიაც, რაც მთავარია, იყო პრეზიდენტი. კარგია, რომ ასეთი ფორმატი აღდგა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის მსჯელობის ფორმატი, ოღონდ სწრაფი მსჯელობის, ნაყოფიერი მსჯელობის და არა ერთმანეთისთვის სადღეგრძელოების თქმის. ამაღამ მივფრინავ სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე, სხვებიც არიან, იმედი მაქვს, ჩამოვლენ. მე და ზურაბ ჯაფარიძე მივფრინავთ კოალიციიდან. იმედი მაქვს, სხვა კოალიციიდანაც ვიხილავ ხალხს. ბუნებრივია, გვექნება ჩვენი წინადადებები, მათ შორის ჩვენი სიაც იმ ადამიანების, ვინც უნდა დასანქცირდნენ, ვინც არიან მოძალადეები, როგორც მოსამართლეები, პროკურორები, ასევე ცრუ მოწმეები, რომლებიც პროცესებზე იტყუებიან და ადამიანებს ციხეში უშვებენ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, კოალიციის „ძლიერი საქართველოს“, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლები.