ნიკა ჩიტაძე - საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კრიტიკულად არის განწყობილი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რაც კარგად გამოჩნდა საპარლამენტო არჩევნების დროს
ნიკა ჩიტაძე - საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კრიტიკულად არის განწყობილი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რაც კარგად გამოჩნდა საპარლამენტო არჩევნების დროს

საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რა თქმა უნდა, კრიტიკულად არის განწყობილი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რაც კარგად გამოჩნდა საპარლამენტო არჩევნების დროს, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა, ნიკა ჩიტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც დამკვირვებლის სტატუსით იყვნენ საქართველოში მოვლენილი არჩევნების პერიოდში, დაფიქსირებული იქნა ბევრი დარღვევა. ფაქტია, ყოველ შემთხვევაში მოსახლეობის დიდი ნაწილი არის უარყოფითად განწყობილი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ და ასე თუ ისე, ამა თუ იმ ოპოზიციურ პარტიას უჭერს მხარს. ოპოზიციას გარკვეული რესურსი აქვს, რაც აქვს ძლიერი მხარე, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ სუსტი მხარეებიც გააჩნია. ძლიერი მხარე არის, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან, თან აქ საუბარია იმაზე, რომ – არავის არ მინდა, ვაწყენინო – მაგრამ პროგრესულად მოაზროვნე მოსახლეობის ნაწილის მხრიდან და აქტიური მოსახლეობის ნაწილის მხრიდან ოპოზიციას გააჩნია მხარდაჭერა, ოპოზიციის ამა თუ იმ პარტიას ერთობლივად, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა ერთმა პარტიამ მიიღო, 11%, მაგრამ რომ გადავანაწილოთ, ვთქვათ, ოთხ ოპოზიციურ პარტიაზე და ასევე რომ გავითვალისწინოთ, როგორი დარღვევებით ჩატარდა არჩევნები, არჩევნებში არ ვგულისხმობ მხოლოდ 26 ოქტომბერს, ვგულისხმობ თუნდაც, წინასაარჩევნო კამპანიას, როდესაც იქ დაშინების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფონზე მიმდინარეობდა ხელისუფლების მხრიდან, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ოპოზიციას უჭერს მხარს“, – განაცხადა ჩიტაძემ.

ამ განცხადებით ნიკა ჩიტაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა შანსები აქვს ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რას უპასუხებს ხელისუფლების განცხადებებს, რომ ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, ჩიტაძემ თქვა, რომ 2024 წლის განმავლობაში სახელმწიფო უწყებებზე პრემიების და დანამატების სახით გაიცა დაახლოებით 527 მილიონი ლარი და მათი დიდი ნაწილი გამოიყო სწორედ შს სამინისტროს, პროკურატურის და სასამართლო სისტემის თანამშრომლებისთვის.

„ეს სახელმწიფო უწყებებს რაც შეეხება. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ დღევანდელ დღეს სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულია დაახლოებით, უხეშად რომ ვთქვათ, რომ დავამრგვალოთ, 300 000 ადამიანი, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი იმის გამო, რომ იღებდა პრემიას და დანამატს, შედეგი დადგა“, – განაცხადა ჩიტაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ 20 ივნისის მოვლენების დროს უფლებამოსილებას გაცილებით უფრო მეტად გადაამეტა, ვიდრე ეს 7 ნოემბერს მოხდა.

შეკითხვაზე, გახდება თუ არა თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარი წყალგამყოფი და ახალი გადაჯგუფებების საფუძველი იმის გათვალისწინებით, რასაც ვხედავთ ოპოზიციაში, როდესაც, ერთი მხრივ, შექმნილია წინააღმდეგობის პლატფორმა და ოპოზიციური პარტიები სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ არიან შეკრებილი, პაატა ბურჭულაძე ალტერნატიულ პოლიტიკურ წერტილს სთავაზობს ოპოზიციას მოლაპარაკებისთვის, გახარიას პარტიას გადაწყვეტილი აქვს მონაწილეობის მიღება, მონაწილეობას იღებს „გირჩი“ და ბარიერგადალახული პარტიებიდან „ლელო“ ფიქრობს, ნიკა ჩიტაძემ განაცხადა, რომ აზრის ორად გაყოფა ოპოზიციის კიდევ ერთი სისუსტეა.