ნიკა ჩიტაძე - ოპოზიცია აპირებს კარდაკარ შეხვედრებს, რაც მისასალმებელია, თუმცა არ არის საკმარისი, მხოლოდ ილაპარაკო, როგორი ცუდია „ოცნება“, ალტერნატივა უნდა შესთავაზოს ოპოზიციამ
ნიკა ჩიტაძე - ოპოზიცია აპირებს კარდაკარ შეხვედრებს, რაც მისასალმებელია, თუმცა არ არის საკმარისი, მხოლოდ ილაპარაკო, როგორი ცუდია „ოცნება“, ალტერნატივა უნდა შესთავაზოს ოპოზიციამ

ოპოზიცია გაერთიანებულია საერთო ღირებულებების გარშემო. ეს არის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ამიტომაც ოპოზიციის გაერთიანება, ურთიერთკოორდინაცია მისასალმებელი ფაქტია, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.

ნიკა ჩიტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შესაცვლელია და ამის რამდენიმე მიზეზი დაასახელა.

„რაც შეეხება ოპოზიციის თანამშრომლობას ხელისუფლებასთან, ჩვენ ვხედავთ, როგორ უწოდებს „ქართული ოცნება“ ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს უსამშობლოს, აკაცუკს და ა.შ. თითქოს ყველანი ფინანსდებიან უცხო ძალების მიერ, საკუთარი აზრი არ აქვთ, ყველა არის მოღალატე. რთულია ამ შემთხვევაში თანამშრომლობაზე საუბარი.  რუსეთუმეებს რაც შეეხება, ვიცით, რომ ამხანაგმა პუტინმა, რა თქმა უნდა, მას ბატონს ვერ ვუწოდებ, შეაქო „ქართული ოცნება“, როგორი წნეხის ქვეშ იმყოფება „ქართული ოცნება“, როგორ გაუძლო.

„ოცნება“ არის შესაცვლელი – რა თქმა უნდა, მე არ ვსაუბრობ რევოლუციაზე და გადატრიალებაზე. რატომ? ფაქტია, პრემიერ-მინისტრი იყო ორჯერ  ღარიბაშვილი და ამოუღეს ოქროს ზოდები, მილიონობით დოლარი, რაც ჩვენ ვიცით. სუს-ის უფროსი საბავშვო ბაღის ფულებს ითვისებდა, ბავშვის ფულს და უფასო სასადილოების ფულს ითვისებენ, ერთ მილიონ ადამიანს აქვს საბანკო ვალი, 600 000-ზე მეტი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში 35 პროცენტი მოდის რეექსპორტზე. იცით, რომ საქართველოს ბიუჯეტის 30 პროცენტი გამოიყოფა სოციალური დახმარების პროგრამასა და ჯანდაცვაზე და ერთ ექიმზე საქართველოში მოდის ერთი ექთანი. 130 ლარი აქვს ექთანს. 130 და 150 ლარი როცა აქვს ექთანს, ერთ ექიმზე მოდის ერთი ექთანი. 30 პროცენტი გამოიყოფა ჯანდაცვაზე, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში ერთ ექიმზე მოდის ოთხი ექთანი. ჩვენთან ეს პრობლემა არსებობს. მიგრაციის პრობლემა – 800 000 მიგრანტი არის. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 12 პროცენტი მოდის უცხოეთიდან გადმორიცხულ თანხებზე. სამ მილიარდ დოლარზე მეტი შემოდის საქართველოში ემიგრანტებისგან, რომლებსაც ხმის უფლებებს ართმევენ. დასაქმებულ ადამიანებს შორის სადღაც 20 პროცენტის ხელფასი არ აღემატება 600 ლარს.

რაც შეეხება ოპოზიციას, მგონია, რომ ოპოზიცია გაერთიანებულია საერთო ღირებულებების გარშემო. ეს არის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ამიტომაც ოპოზიციის გაერთიანება, ურთიერთკოორდინაცია, როგორც ასეთი, გახლავთ მისასალმებელი ფაქტი“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ამასთან, ნიკა ჩიტაძის შეფასებით, არ არის საკმარისი მხოლოდ საუბარი იმის შესახებ, როგორი ცუდია „ქართული ოცნება“, არამედ ალტერნატივა უნდა შესთავაზოს საზოგადოებას ოპოზიციამ.

„რაც შეეხება, რისთვის ემზადება ოპოზიცია, 26 მაისი არის ერთ-ერთი ეტაპი, მაგრამ არა ერთადერთი. 26 მაისს იქნება დიდი შეკრება. რაც შეეხება არჩევნებს, შესაძლებელია ამ ვარიანტის განხილვა, მაგრამ როდესაც დღის წესრიგში დგას პოლიტიკური პარტიების გაუქმების საკითხი – გვახსოვს, 1918 წელს ხელისუფლებაში როცა მოვიდა ვლადიმერ ილიას ძე ლენინი, პირველი დეკრეტი რაც გამოსცა, იყო საბჭოთა რუსეთში პოლიტიკური პარტიების დროებითი აკრძალვის შესახებ. მე არცერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ გახლავართ და მათ ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, ერთადერთი, რაზეც შემიძლია, ვისაუბრო, მივესალმები გაერთიანებას, საერთო ღირებულებები, პროდასავლური, პირველ რიგში, პროქართული აერთიანებს ოპოზიციას.

ისინი აპირებენ კარდაკარ შეხვედრებს, რაც მისასალმებელია, თუმცა, ამავე დროს, გეტყვით, რომ არ არის საკმარისი, მხოლოდ და მხოლოდ ილაპარაკო, როგორი ცუდია ივანიშვილი, როგორი ცუდია „ოცნება“, რომ „ოცნება“ უნდა შეიცვალოს, რა თქმა უნდა, ალტერნატივა უნდა შესთავაზოს ოპოზიციამ. კერძოდ, პირველ რიგში, რა აწუხებს საქართველოს მოსახლეობას. სხვადასხვა სოციალური გამოკითხვების მიხედვით, აწუხებთ, პირველ რიგში, სოციალური პრობლემები. აქედან გამომდინარე, ვიდრე დაიწყება საუბარი ნატო-ში ინტეგრაციაზე, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებაზე, ადამიანს უნდა შესთავაზო ეკონომიკური პროგრამა, როგორ იგრძნობს თავს  საქართველოს თითოეული მოქალაქე გაუმჯობესებული ეკონომიკური პირობების ფარგლებში, თუ ოპოზიცია მოდის ხელისუფლების სათავეში. რა თქმა უნდა,  პოლიტიკური პარტიები თუ გაუქმდა, მაშინ არჩევნებიც არ იქნება.

რაც შეეხება 26 მაისს, 26 მაისს იქნება შეკრება, ხალხი აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს, ამიტომაც იქნება შეკრება. აქ არ არის საუბარი, რომ 26 მაისს შეიკრიბებიან და 27 მაისს ხელისუფლება შეიცვლება. იქნება შეკრება, მაგრამ მანამდე იქნება მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის რეგიონებში გასვლა. უნდა გავაძლიეროთ საპროტესტო მუხტი, მაგრამ, ამავე დროს, თვითონ მოქალაქეს უნდა ავუხსნათ, რატომ არის აუცილებელი, ხელისუფლება შეიცვალოს, საქართველოს საკეთილდღეოდ, საქართველოს თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ, მათ შორის „ქართული ოცნების“ მომხრეების ან ნეიტრალურად განწყობილი ადამიანების საკეთილდღეოდ. რომ უნდა იყოს კოალიციური მთავრობა, რა თქმა უნდა, აქ ბელადომანია, ყველაფერი გამორიცხულია, საჭიროა ურთიერთკოორდინაცია. მიმაჩნია, რომ უნდა იყოს კოორდინატორი, ერთი ადამიანი ხალხს ესაუბრება სოციალური პრობლემების შესახებ, მეორე ადამიანი პასუხისმგებელი იქნება საგარეო საკითხებზე, მესამე – ჯანდაცვაზე და ა.შ. საჭიროა მოსახლეობასთან საუბარი. მარტო ვთქვათ, რომ ივანიშვილი ცუდია, არ არის საკმარისი და აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ოპოზიციაში არსებობს ის ინტელექტუალური პოტენციალი და პასუხისმგებლობის მაღალი დონე ქვეყნის წინაშე, რომ მათ შეუძლიათ, დაელაპარაკონ მოსახლეობას, თუ აცდიან. ვიცით ბევრი შემთხვევა, „ტიტუშკებს“ როგორ უქსევდნენ, კორცხელის ინციდენტი ვიცით, როდესაც ხალხს ფიზიკურად გაუსწორდნენ კამერების წინაშე, მაგრამ არავინ დასჯილა. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, რეალური დაპირებები უნდა იყოს. გავიხსენოთ „ოცნების“ დაპირებები, ბენზინის ფასი რომ ლარით შემცირდებოდა – ტყუილი, რომ გაიხსნებოდა საქართველოში ასი საწარმო – ტყუილი,  კორუფცია სრულიად აღმოიფხვრებოდა თურმე, აცხადებდა ბიძინა ივანიშვილი, საქართველომ ომი დაიწყო – ასევე ტყუილი. ოპოზიციამ უნდა ისაუბროს  სიმართლე და ხალხს გააგებინოს სიმართლე“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.