ნიკა ჩიტაძე - მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის განცხადებიდან შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მისი სურვილი იყო, მონასტრები საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილიყო
ნიკა ჩიტაძე - მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის განცხადებიდან შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მისი სურვილი იყო, მონასტრები საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილიყო

1996 წლის შეთანხმების გათვალისწინება იმიტომ არ მოხდა, რომ ამ შეთანხმების რატიფიცირება არ მომხდარა, – ამის შესახებ ექსპერტმა, ნიკა ჩიტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

ამ განცხადებით ნიკა ჩიტაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ არ მოხდა საზღვრების დამდგენი კომისიის მიერ ორი ქვეყნის მეთაურს შორის 1996 წლის შეთანხმების გათვალისწინება, რომლის მიხედვითაც, საქართველო უპირატეს მდგომარეობაში იმყოფებოდა და სადაო ის საკითხი არ იყო, რაც დღეს არის.

„პრეზიდენტებმა ხელი რომ მოაწერეს, კი ბატონო, მაგრამ შემდგომში, აღნიშნული საჭიროებს საკანონმდებლო ორგანოების მხრიდან ხელშეკრულების რატიფიცირებას. ამის გარეშე ძალაში ხომ ვერ შევა?! ეს ერთი და მეორე, იმ შეთანხმების მიხედვით სადმე არის აღნიშნული, რომ ტერიტორია, მაგალითად, უდაბნოს მონასტერი ვის ეკუთვნის?“, – განაცხადა ჩიტაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, აღიარეს თუ არა ეს შეთანხმება კომისიებმა, რომლებსაც მუშაობა ამის მიხედვით უნდა დაეწყოთ, ნიკა ჩიტაძემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში კომისიები უფლებამოსილები არ არიან.

„საერთო ჯამში, უფლებამოსილი არიან სახელმწიფოს მეთაურები, ამ შემთხვევაში პარლამენტები, რომლებიც რატიფიცირებას ახორციელებენ. კომისიები მუშაობენ, შეიძლება, ყოველდღიურ საქმიანობას ეწეოდნენ, მაგრამ საერთო ჯამში, საბოლოო, სახელმწიფოებს შორის ხელშეკრულება და მათ შორის, საზღვრის დადგენა რატიფიცირებას საჭიროებს და მერე შედის ძალაში. ფაქტია, შეთანხმება ჯერ ძალაში არ არის შესული“, – განაცხადა ჩიტაძემ.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი 1996 წლიდან 2003 წლამდე ედუარდ შევარდნაძე იყო და თუ საქართველოსთვის ხელსაყრელი ხელშეკრულების გაფორმება მოხდა, ისმის კითხვა, რატომ არ მოხვდა საქართველოს შემადგენლობაში დავით გარეჯის მთლიანი სამონასტრო კომპლექსის ფარგლებში ორი სადაო მონასტერი.

„ანუ, უშუალოდ ვარდების რევოლუციის შემდგომ ხელისუფლებას და ასევე „ქართულ ოცნებას“ მძიმე მემკვიდრეობა ერგო, რომელიც პირველ რიგში, საქართველოს ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ დაუტოვა და შესაბამისად, ეს პრობლემა შეიქმნა“, – განაცხადა ჩიტაძემ.

ჩიტაძემ ასევე განაცხადა, რომ საინტერესოა, რატომ ვერ მოგვარდა ეს ხელშეკრულება რვა წლის განმავლობაში და რატომ მოხდა 1938 წლის რუკის ჩამოტანა 2020 წლის ოქტომბერში.

„მაშინ, რუსეთიდან ეს რუკები 2013 წელს ჩამოეტანათ, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლების სათავეში მოვიდა და მაშინ ეხელმძღვანელათ იმ რუკებით. ეს ვერ მოხდა ხომ?“, – განაცხადა ჩიტაძემ.

ნიკა ჩიტაძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2007 წელს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, რა თქმა უნდა, მას უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია, სად მდებარეობს ვთქვათ, ეკლესიები, მაგრამ ამ განცხადებიდან დარჩა შთაბეჭდილება, რომ ექსპრეზიდენტის სურვილი იყო, მონასტრები საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილიყო.

„მის ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მისი განცხადებიდან ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მისი სურვილი იყო, მონასტრები საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილიყო. ანუ, ტერიტორიულ გაცვლას ჰქონდა ადგილი. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. რაც შეეხება სტრატეგიულ სიმაღლეებს, ეს თხემი მარტო ერთ ადგილას ხომ არ არის, ხომ გრძელდება, სადაც ეკლესიები არ მდებარეობს და უნდოდათ, აზერბაიჯანული მხარისთვის დაეთმოთ. სხვადასხვა სახელმწიფოს შორის ტერიტორიული გაცვლა სხვათა შორის, მიღებული ფორმაა“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.