ნიკა ჩიტაძე - იერუსალიმის საკითხზე კენჭისყრისას, საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი თავის შეკავება იქნება
ნიკა ჩიტაძე - იერუსალიმის საკითხზე კენჭისყრისას, საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი თავის შეკავება იქნება

თუ საქართველო გაერო-ში იერუსალიმის საკითხზე დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრის დროს თავს შეიკავებს, ეს ფაქტი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე ნეგატიურად არ აისახება, – ამის შესახებ ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ პირველ არხს განუცხადა.

“საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი იქნებოდა, თუ კენჭისყრისას თავს შეიკავებს. საქართველო სუვერენული ქვეყანაა. არის საკითხები, სადაც საქართველოსა და ამერიკის ინტერესები შეიძლება ერთმანეთს არ დაემთხვევს. ამის ერთ-ერთი ნათელი დადასტურება კოსოვოა. შეერთებულმა შტატებმა კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა, საქართველომ არ აღიარა. საქართველომ თავისი ინტერესი მაქსიმალურად უნდა დაიცვას. მე არ მგონია, რომ თუ საქართველო თავს შეიკავებს ეს ფაქტი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ. 

ექსპერტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ამერიკა საქართველოს პოზიციას გაგებით მოეკიდება და ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიური მდებარეობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამერიკა საქართველოს, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის მიმართ ინტერესს მომავალშიც შეინარჩუნებს.

იერუსალიმის სტატუსზე გაერო-ში დღეს დაგეგმილი კენჭისყრის წინ დონალდ ტრამპი იმ ქვეყნებს დაემუქრა, რომლებიც დახმარებას აშშ-ისგან იღებენ.

„ისინი ასობით მილიონობით, მილიარდობით დოლარს იღებენ ჩვენგან და შემდეგ ხმას ჩვენ წინააღმდეგ აძლევენ. მიეცით უფლება ასე მოიქცნენ, ჩვენ უფრო მეტ თანხას დავზოგავთ” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა დეკემბრის დასაწყისში იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, რასაც მსოფლიოს მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

დატოვე კომენტარი