ნიკა ჩიტაძე - ევროკომისიის შეფასება ობიექტური იყო, ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით, კანონის უზენაესობის განმტკიცებით
ბუნებრივია, ევროკომისიის შეფასება ობიექტური იყო, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ევროკავშირმა ძალისხმევა არ დაიშურა, რათა საქართველოს თავი დაეღწია ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში; ევროკავშირმა სხვადასხვა პროგრამის სახით საქართველოს მხარდაჭერის მიზნით გამოყო ორ მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების დახმარება სხვადასხვა მიმართულებით და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით, კანონის უზენაესობის განმტკიცებით; თვითონ ევროკავშირი არის დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობა და, ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, ევროკავშირისთვის, საერთოდ, საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოებისთვის და ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ამ ყველაფრის არსებობა“, – განაცხადა ჩიტაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა გააკეთა მოლდოვამ და უკრაინამ ისეთი, რაც საქართველოს არ გაუკეთებია, მით უფრო, თუ საერთაშორისო რეიტინგებს გავითვალისწინებთ, რომლის მიხედვითაც საქართველო ლიდერია, ნიკა ჩიტაძემ განაცხადა, რომ უკრაინა ებრძვის რუსეთს და აქედან გამომდინარე, იცავს არა მხოლოდ საკუთარ სუვერენიტეტს, არამედ მსოფლიო უსაფრთხოებას, მათ შორის, იცავს საქართველოს დამოუკიდებლობას და არის გაცილებით უფრო დემოკრატიული ქვეყანა.
„კორუფცია სერიოზული პრობლემაა უკრაინისთვის, მაგრამ რუსეთთან ბრძოლას რაც შეეხება, უკრაინამ სადავეები თავის თავზე აიღო“, – განაცხადა ჩიტაძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რის გამოც უკრაინას პრიორიტეტი მიენიჭა, ნიკა ჩიტაძის განცხადებით, მათ შორის, უკრაინამ უზრუნველყო დემოკრატიული რეფორმები, მაგალითად, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.
„დემოკრატიული გზით პრეზიდენტები შეიცვალნენ უკრაინაში, გარდა ამისა, დემოკრატიული გზით რამდენჯერმე მოხდა პარლამენტის სტრუქტურის შეცვლა“, – განაცხადა ჩიტაძემ.
შეკითხვაზე, – „საქართველოში უნდა მომხდარიყო ხელისუფლების ცვლილება?“ – ჩიტაძემ აღნიშნა:
„კი. ანუ, უკრაინაში ტარდება თავისუფალი არჩევნები. მოლდოვას რაც შეეხება, ასევე იქ არსებობს სიტყვის თავისუფლება. ჯერ ერთი, უკრაინაში არავინ დევნის ოპოზიციურ პარტიებს. არიან იქ ოპოზიციური პარტიები, აკრძალვას ადგილი ჰქონდა, მაგრამ მარტო პრორუსული პარტიების, ანუ, იმ პარტიების, რომლებიც მტერია. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აკრძალული იყო ბოლშევიკური პარტია, რომელიც ქვეყნის მტერი იყო. რაც შეეხება სხვა პარტიებს, მრავალი პარტიაა და უკრაინის უმაღლესი რადა წარმოდგენილია მრავალი სხვადასხვა პარტიით, რომელთა ნაწილი არის ზელენსკის ოპოზიცია. რა თქმა უნდა, არავინ იტყვის იქ, რომ ზელენსკიმ ვერ აიცილა ომი, უკრაინამ დაიწყო რუსეთთან ომი და ასე შემდეგ. ამას არავინ იტყვის, რადგან უკრაინაში ოპოზიცია არის არა ქვეყნის, არამედ ხელისუფლების, მაგრამ დღეს მორატორიუმი აქვთ გამოცხადებული გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში, აქედან გამომდინარე, უკრაინაში არსებობს პლურალიზმი, მრავალპარტიული სისტემა, არცერთი პოლიტიკური ლიდერი ციხეში არ ზის და სამასზე მეტი ადამიანი დასისხლიანებული, დასახიჩრებული არ არის“, – განაცხადა ჩიტაძემ.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა მისთვის რამეს ის ფაქტი, რომ მოლდოვა არის დსთ-ის წევრი, ნიკა ჩიტაძემ განაცხადა, რომ მოლდოვა არის დსთ-ის წევრი, მაგრამ ამავე დროს, პარალელურად, ის არის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრი.
„შესაბამისად, იმ რეფორმების გამო, რომელიც მოლდოვამ განახორციელა, საქართველოსგან განსხვავებით, ორი მილიარდი ევროს დაფინანსება მიიღო“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.