ნიკა ახალბედაშვილი - ხელოვნების მუზეუმში, ფონდების დაახლოებით 90 პროცენტში ინვენტარიზაცია დასრულდა, თითქმის ყველა ფონდში გარკვეული ხასიათის დანაკლისია
ნიკა ახალბედაშვილი - ხელოვნების მუზეუმში, ფონდების დაახლოებით 90 პროცენტში ინვენტარიზაცია დასრულდა, თითქმის ყველა ფონდში გარკვეული ხასიათის დანაკლისია

ხელოვნების მუზეუმში, ფონდების დაახლოებით 90 პროცენტში დასრულდა ინვენტარიზაციის პროცესი, – ამის შესახებ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა, ნიკა ახალბედაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე ფონდია, სადაც კიდევ მიმდინარეობს ინვენტარიზაცია.

„დასრულებულია ინვენტარიზაციის პროცესი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეის ფონდებში და შედეგების მიხედვით, თითქმის ყველა ფონდში არის დანაკლისი. 2012-2013 წელს გატანილი იყო და დაბრუნდა მუზეუმში დანაკლისით. ის რაოდენობა, რომელიც საგამოფენოდ იყო წასული, არ დაბრუნებულა. მარტო აშშ-დან 40-მდე ექსპონატია, რომელიც არ დაბრუნებულა. დანაკლისია ასევე თურქეთიდან და ირანიდან დაბრუნებული ექსპონატების რაოდენობაში. ეს არის ერთი ნაწილი.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიება დაადგენს კონკრეტულ ვითარებას. არის ნამუშევრები, რომლებიც დაბრუნდა დავით ლორთქიფანიძის დროს და აღნიშნულზე რეაგირება ეროვნულ მუზეუმს არ ჰქონია. ეს ნამუშევრები არ არის ის, რომელზეც ბატონი დავითი ამბობს, რომ შევარდნაძის მმართველობის დროს არის გატანილი. ეს არის ის ნამუშევრები, რომელიც გატანილია ბატონი დავითის ხელმძღვანელობის დროს. ამაზე დაწყებულია, როგორც შიდა მოკვლევა, ისევე ამ საკითხს იძიებენ შესაბამისი სამსახურები“, – განაცხადა ახალბედაშვილმა.