ნიკ კირგიოსი - ფედერერი აღარ უნდა ვახსენოთ უდიადეს ჩოგბურთელთან დაკავშირებულ დებატებში #1TVSPORT
ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ნიკ კირგიოსმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ შვეიცარიელი როჯერ ფედერერი აღარ უნდა ჩაითვალოს ჩოგბურთის ისტორიაში უდიადეს მოთამაშედ. ფედერერმა, ისევე როგორც ნოვაკ ჯოკოვიჩმა, 20-ჯერ მოიგო „დიდი სლემის“ ტურნირი, რაფაელ ნადალს კი მათზე ერთით მეტი ტიტული აქვს.
„ჩემი აზრით, ისტორიაში უდიადესი ჩოგბურთელის თემაზე კამათში როჯერი აღარ უნდა მოვიხსენიოთ. ურთიერთშეხვედრებში მას ორივესთან (ნადალთან და ჯოკოვიჩთან) უარყოფითი ბალანსი აქვს, ძალიან ცუდი ბალანსი. არ მგონია, რომ როჯერი თუნდაც ბალახზე შეძლებს რომელიმეს დამარცხებას.
თუ ნადალი მოიგებს როლან გაროსს, ის უდავოდ უდიადესი გახდება. მას ექნება გვირგვინი, თუ 22 „დიდ სლემს“ დააგროვებს, დანარჩენ ორს კი 20-20 დარჩებათ“, – მოჰყავს სკანდალური ავსტრალიელის სიტყვები გამოცემა Tennis Head-ს.