ნიგერიაში ისლამისტური დაჯგუფების წევრების მიერ გატაცებული მოსწავლე გოგონები გაათავისუფლეს
ნიგერიის ჯარმა ისლამისტური დაჯგუფების „ბოკო ჰარამის“ წევრების მეირ გატაცებული ათობით მოსწავლე გოგონა გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ამასთან, როგორც ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, აღმოჩენილია ორი გოგონას ცხედარი.
უცნობია, რა მდგომარეობაში იმყოფებიან გადარჩენილი მოზარდები. ამასთან, არ არის დაზუსტებული, რამდენი მოსწავლე გაათავისუფლეს სამხედროებმა.
გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებულია 76 გოგონა. ნიგერიის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ტერორისტებს მძევლად კიდევ სულ მცირე 13 მოზარდი ჰყავთ.
ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ წევრები სოფელ დაპჩიში მდებარე სკოლას 19 თებერვალს დაესხნენ თავს. თავდასხმის დროს შენობაში 11 წელს ზემოთ ასაკის 711 გოგონა იმყოფებოდა. ტერორისტებმა 90-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს.
2014 წლის აპრილში ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ ტერორისტები თავს დაესხნენ ჩიბოკის სკოლას და 276 მოსწავლე გოგონა გაიტაცეს. მათგან 57-მა გაქცევა შეძლო, კიდევ 97 კი მოგვიანებით სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს. 100-ზე მეტი გოგონას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
2016 წელს „ბოკო ჰარამმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც გატაცებული გოგონები ჩანან.
ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ ნიგერიის ტერიტორიაზე შარიათის დაწესებისთვის და დასავლური განათლების წინააღმდეგ იბრძვის.