ნიგერიაში შიიტ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების გამო, პარლამენტმა მუშაობა დროებით შეწყვიტა
ნიგერიაში შიიტ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების გამო, პარლამენტმა მუშაობა დროებით შეწყვიტა

ნიგერიაში შიიტ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების გამო, პარლამენტმა მუშაობა დროებით შეწყვიტა. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მოძრაობა „ისლამური ნიგერიის“ ასობით წევრმა ქვეყნის ეროვნულ ასამბლეასთან დემონსტრაციის დროს შენობაში შეღწევა სცადა.

როგორც „როიტერსი“ იუწყება, დაპირისპირებული მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სამართალდამცველების ინფორმაციით, დემონსტრანტებმა შენობაში შეღწევის დროს ცეცხლი გახსნეს, რა დროსაც ორი ოფიცერი დაიჭრა. კიდევ ექვსი სამართალდამცველი ქვების და სხვა საგნების შედეგად დაშავდა.

თავის მხრივ, მოძრაობა „ისლამური ნიგერიის“ წარმომადგენლები იუწყებიან, რომ სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცეცხლი პირველებმა გახსნეს, რა დროსაც, მათი ინფორმაციით, ორი აქტივისტი დაიღუპა.

მოძრაობა „ისლამური ნიგერია“ ქვეყნის შიიტ უმცირესობათა გაერთიანებას წარმოადგენს. ისინი ნიგერიის ეროვნული ასამბლეის შენობის წინ ხშირად მართავენ საპროტესტო აქციებს. მოძრაობის წევრები მათი ლიდერის, იბრაჰიმ ზაკზაკის გათავისუფლებას ითხოვენ, რომელიც საპატიმროში 2015 წლის შემდეგ იმყოფება. მას შემდეგ მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევის დროს სამართალდამცველებმა საერთო ჯამში 400-ზე მეტი აქტივისტი მოკლეს.

დატოვე კომენტარი