ნიდერლანდებში ორი მაროკოელი პარიზსა და როტერდამში ტერაქტის მოწყობის მცდელობისთვის დააკავეს
ნიდერლანდებში ორი მაროკოელი პარიზსა და როტერდამში ტერაქტის მოწყობის მცდელობისთვის დააკავეს

ნიდერლანდებში ორი მაროკოელი პარიზსა და როტერდამში ტერაქტის მოწყობის მცდელობისთვის დააკავეს. ამის შესახებ NL Times-ი ქვეყნის პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება.

ჰოლანდიური გამოცემის ინფორმაციით, 22 და 27 წლის მაროკოელები 17 ივნისს დააკავეს, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 23 ივლისს გასაჯაროვდა. აქამდე ეჭვმიტანილები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდნენ. დღეს კი ტერაქტის მოწყობის მცდელობისთვის მათ ბრალი წაუყენეს.

გამოცემის ცნობით, დაკავებები ჰოლანდიური სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი რამადანის დასრულების შემდეგ პარიზში ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. ამის შესახებ ჰოლანდიურმა სპეცსამსახურებმა სოციალურ ქსელში არსებული მიმოწერის საშუალებით შეიტყვეს. ამასთან, ეჭვმიტანილები ჰოლანდიაში უსაფრთხოების სამსახურის შენობებზე თავდასხმას აპირებდნენ.

მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები თვითმკვლელი ტერორისტები არიან. ისინი პარიზსა და ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში თავის აფეთქებას გეგმავდნენ.