ნიდერლანდებში დღეიდან მკაცრი კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა
ნიდერლანდებში დღეიდან მკაცრი კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა

ნიდერლანდებში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან მკაცრი კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. სკოლები და მაღაზიები სულ მცირე ხუთი კვირით დაიხურება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

15 დეკემბრიდან საჯარო დაწესებულებები, სპორტული დარბაზები, მუზეუმები, ზოოპარკები, კინო-თეატრები, სალონები 19 იანვრამდე დაიხურება, სკოლები კი მხოლოდ 18 იანვრიდან გაიხსნება. შეზღუდვების მიხედვით, აიკრძალება ორ ადამიანზე მეტის შეკრება. გამონაკლისი იქნება სამი დღე საშობაოდ, როდესაც სამი სტუმრის მიღება გახდება შესაძლებელი.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს თქმით, შობის წინ, მთავრობა გადაწყვეტილების სიმძიმეს აცნობიერებს. ადამიანებს შორის კონტაქტის შემცირების მიზნით, ოფიციალური პირები მოსახლეობას სახლში დარჩენასა და სამსახურებრივი საქმიანობის სახლიდან შესრულებას ურჩევენ.

ნიდერლანდებში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ის 632 085 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის ვირუსით 10 168 პაციენტი გარდაიცვალა.