ნიდერლანდებში დასაქმებულებს, რომლებიც სამსახურში ველოსიპედით დადიან, შესაძლოა, ხელფასზე დანამატი გადაუხადონ
ნიდერლანდებში დასაქმებულებს, რომლებიც სამსახურში ველოსიპედით დადიან, შესაძლოა, ხელფასზე დანამატი გადაუხადონ

ნიდერლანდების მთავრობა ინიციატივით გამოდის, ხელფასზე დანამატი გადაუხადონ იმ დასაქმებულებს, რომლებიც სამსახურში ველოსიპედით დადიან. როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ წერს, ნიდერლანდების ხელისუფლება ქალაქებში საცობებისა და ეკოლოგიური პრობლემების წინააღმდეგ ამ გზით აპირებს ბრძოლას.

გადავსხდეთ ჩვენი ავტომობილებიდან ჩვენს ველოსიპედებზე“, – განაცხადა ნიდერლანდების ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ სტინტიე ვან ველდჰოვენმა.

როგორც მაღალჩინოსანმა განაცხადა, მთავრობის მიზანია, ავტომობილებიდან ველოსიპედების გამოყენებაზე დამატებით 200 ათასი ადამიანი გადავიდეს.

წინასწარი გათვლით, გეგმა ითვალისწინებს სახლიდან სამსახურამდე და უკანა გზაზე გავლილი ყოველი თითო კილომეტრისთვის 19 ევროცენტის გადახდას. ამას გარდა, შესაძლოა, დაფინანსდეს ველოსიპედების შეძენაც .

ნიდერლანდების მინისტრის მოადგილე ინიციატივის განხილვას მსხვილ ნაციონალურ დამსაქმებელთან, ასევე მცირე და საშუალო საწარმოებთან გეგმავს.

ნიდერლანდებში, სადაც უკვე არსებობს ათი ათასობით ველობილიკი, ბიუჯეტიდან 100 მილიონი ევრო ველოსიპედის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოიყოფა.

„ფრანს პრესის“ მონაცემებით ნიდერლანდებში, სადაც 17 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 22 მილიონი ველოსიპედია.

დატოვე კომენტარი