ნიდერლანდებში, ცხოველთა ფერმებში კორონავირუსის გავრცელების გამო ათასობით წაულას მოკლავენ
ნიდერლანდებში, ცხოველთა ფერმებში კორონავირუსის გავრცელების გამო ათასობით წაულას მოკლავენ

ნიდერლანდებში, ცხოველთა ფერმებში კორონავირუსის გავრცელების გამო ათასობით წაულას მოკლავენ.

ფერმერებმა მთავრობის განკარგულების შესრულება უკვე დაიწყეს.

ნიდერლანდებში ერთდროულად რამდენიმე ფერმაში წაულები კორონავირუსით დაავადდნენ. კერძოდ, როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ცხოველის ინფიცირების შემთხვევები ბეწვის მწარმოებელ 10 ფერმაში გამოვლინდა.

მთავრობის განკარგულებით, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, ფერმებში 10 ათასამდე წაულას მოკლავენ. ფერმერები ხელისუფლებისგან კომპენსაციას მიიღებენ.

ნიდერლანდების სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილება გარემოსდამცველებმა გაასაჩივრეს, თუმცა 5 ივნისს სასამართლომ უწყების სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.

„როიტერის“ ინფორმაციით, წაულების ინფიცირების პირველი შემთხვევები ნიდერლანდებში აპრილში დაფიქსირდა. ცხოველებს დაავადება მომვლელებისგან გადაედოთ. მაისში დადასტურდა დაავადებული ცხოველიდან ადამიანის ინფიცირების ორი შემთხვევა.

ოფიციალური მონაცემებით, ნიდერლანდებში სულ წაულების 140 ფერმაა, რომლებიც ყოველწლიურად საშუალოდ 90 მილიონი ევროს ღირებულების ბეწვის ექსპორტს ახორციელებენ.