ნიდერლანდების სამეფოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის, Wijnimport Bleeker-ის ორგანიზებით, ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ მაასტრიხტში, საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე, Folie culinaire-ზე ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.
სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში ათასობით სტუმარს – ჟურნალისტებს, ბლოგერებს, ღვინის მომხმარებლებს, იმპორტიორებს და HoReCa (სასტუმრო-კაფე-რესტორანი) სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის მწარმოებელი 20-მდე კომპანიის 50-მდე სხვადასხვა სტილის როგორც კლასიკური, ისე ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოები.
ფესტივალი 2013 წლიდან ტარდება და ტრადიციულად 5 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდისთვის ევროპის ღვინის ბაზარზე.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში 2013 წლიდან ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე ახორცილებს.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.