ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა, მარია ქრისტინა ვან კოლდამმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, რის შემდეგაც  გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.

დავით ზალკალიანმა ჰოლანდიელ დიპლომატს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. მარია ვან კოლდამმა, თავის მხრივ, გამოხატა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე. ხაზი გაუსვეს ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობას და განათლების სფეროს პრიორიტეტულობას. ასევე, მიესალმნენ საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას, რაც დადებითად აისახება ჰოლანდიელი ტურისტების მზარდ დინამიკაზე.

დავით ზალკალიანმა მიმოიხილა საქართველოს ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების პროცესი, ისაუბრა საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, რაც ქვეყანას მაქსიმალურად აახლოებს ევროპულ სტანდარტებთან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით, ისაუბრა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე და ამასთან, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით საქართველოს ძალისხმევაზე.

ელჩის განცხადებით, ნიდერლანდები უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას.

„პატივი მქონდა. გადამეცა რწმუნებათა სიგელების ასლები ბატონი მინისტრისთვის, ძალიან კარგი და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა. მოხარული ვარ, რომ დავინიშნე, როგორც ნიდერლანდების სამეფოს ახალი ელჩი საქართველოში. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები, საქართველო ცნობილია მთელს მსოფლიოში და მათ შორის ნიდერლანდებშიც, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყანა, მსურს, უფრო კარგად გავეცნო მას“, –  განაცხადა მარია ქრისტინა ვან კოლდამმა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის განმტკიცებას.