ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - ნიდერლანდები ყოველთვის ემხრობოდა პერსონალური სანქციების დაწესებას იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც რეპრესიებზე არიან პასუხისგებლები
ნიდერლანდები ყოველთვის ემხრობოდა პერსონალური სანქციების დაწესებას იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც რეპრესიებზე არიან პასუხისგებლები. ამ მომენტისთვის გადასადგმელი ნაბიჯია ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო თავისუფლების გაუქმება, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია.
„ჟურნალისტებისა და მათი თავისუფლების საკითხის გამო მე ძალიან შეშფოთებული ვარ. სწორედ ამიტომაც, ნიდერლანდებმა გამოყო დამატებითი რესურსები ჟურნალისტების დასაცავად. ჩვენ ასევე გამოვყავით დამატებითი რესურსები მათთვის, ვინც დააკავეს მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევისას. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვისაც სურს საქართველოს ევროპული გზის განვითარება და ეს პერსპექტივა რჩება. ასევე, ჩვენ საკმაოდ კრიტიკულად ვაფასებთ ჩატარებულ არჩევნებს, ეუთო-ს ანგარიშის გათვალისწინებითაც“, – განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა.