ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინას გადასცეს „პეტრიოტის“ სისტემებისთვის არსებული ყველა რაკეტა, რაც შეეძლოთ და ახლა აუცილებელია, მეტი წვლილი სხვა ქვეყნებმაც შეიტანონ

13:43, 10.07.2026

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომ ბერენდსენმა განაცხადა, რომ უკრაინას ნიდერლანდებმა გადასცა „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის არსებული ყველა რაკეტა, რაც შეეძლო.

როგორც ტომ ბერენდსენმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ამ ეტაპზე აუცილებელია, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში მეტი წვლილი სხვა ქვეყნებმაც შეიტანონ.

„რაც შეგვეძლო, გადაგვეცა, უკვე გადავეცით. ახლა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან მოლაპარაკებების ფარგლებში ვმუშაობთ, როგორ მოვუწოდოთ სხვა ქვეყნებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ დახმარების პროცესში“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ნიდერლანდებს კვლავ აქვს როგორც შესაძლებლობა, ისე სურვილი, უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს.

„ყველაფერი, რასაც უკრაინაში ვაბანდებთ, ჩვენი უსაფრთხოების ინვესტიციაა. ამას ემატება ის ცოდნა, გამოცდილება და ინოვაციები, რომლებიც დღეს უკრაინის თავდაცვით-სამრეწველო სექტორში ვითარდება. თუმცა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც აიღონ მეტი პასუხისმგებლობა და საკუთარი წვლილი შეიტანონ“, – აღნიშნა ბერენდსენმა.

ნიდერლანდების საგარეო უწყების ხელმძღვანელს არ დაუსახელებია, რომელი ქვეყნებისგან ელოდება უფრო აქტიურ მონაწილეობას, თუმცა აღნიშნა, რომ ამ პროცესის სათავეში ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები, გერმანია, პოლონეთი და ნიდერლანდები არიან.

მისივე თქმით, პარალელურად განიხილება ევროპაში Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების წარმოების შესაძლებლობაც. მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას შესაბამისი დახმარების პაკეტებით.

„ეს სისტემები ადამიანების სიცოცხლეს იცავს, ამიტომ მოვუწოდებთ სხვა ქვეყნებსაც, მეტი ინვესტიცია განახორციელონ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში“, – განაცხადა ტომ ბერენდსენმა.

მსგავსი