ნიდერლანდების პრემიერი - ჰააგიდან ვაგზავნით მკაფიო გზავნილს, რომ სამართლიანობამ უნდა იპოვოს თავისი გზა და ომის დასრულების შემდეგაც, უკრაინას შეუძლია, ჰქონდეს დღეს აქ მყოფი ყველა პარტნიორის იმედი
სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა საჭიროებს, რომ რუსეთმა აუნაზღაუროს უკრაინას მის მიერ მიყენებული ზიანი, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, დიკ სხოოფმა ჰააგაში განაცხადა, სადაც ევროპის საბჭოს ეგიდით, უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა.
მისივე თქმით, ჰააგაში შეკრებილთა მკაფიო გზავნილია, რომ მშვიდობის მიღწევის შემდეგ, სამართლიანობამ უნდა იპოვოს თავისი გზა და რომ ომის დასრულების შემდეგაც, უკრაინას შეუძლია, ჰქონდეს ნიდერლანდების და დღეს ჰააგაში მყოფი ყველა სხვა პარტნიორის იმედი.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინა იყო საერთაშორისო მოლაპარაკების ცენტრში. გუშინ გვქონდა კონსტრუქციული შეხვედრა ბერლინში, სადაც ევროპისა და აშშ-ის თანამშრომლობით გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მდგრადი მშვიდობისკენ გზაზე. ჩვენ განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიები. ყველა გრძნობს, რომ სიტუაცია საგანგებოა და ცეცხლის შეწყვეტა ახლა საბოლოოდ რეალურ შესაძლებლობად გვეჩვენება. ეს კარგია ამბავია, რადგან უკრაინელი ხალხი განაგრძობს დღე და ღამ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის თითქმის ოთხწლიანი ომის შემდეგ. სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა საჭიროებს, რომ რუსეთმა აუნაზღაუროს უკრაინას მის მიერ მიყენებული ზიანი. ამგვარად, დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით რეპარაციებზე სასაუბროდ. ვოლოდიმირ, თქვენი აქ ყოფნა ხაზს უსვამ ამ მომენტისა და ამ კონფერენციის მნიშვნელობას. დღევანდელი დღე ეხება სამართლიანობას, რადგან მის გარეშე ვერ იქნება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. თუმცა სამართლიანობა თავისთავად არ მოდის, ჩვენ უნდა დავუდოთ ამას საფუძველი და რაც შეიძლება გულდასმით მოვემზადოთ. დღეს ჩვენ ვდგამთ შემდგომ ნაბიჯს. ჩვენ შევქმნით უკრაინისთვის საერთაშორისო სარჩელების კომისიას, რომელიც იმუშავებს ომის დროს მიყენებული ზიანის კომპენსაციებზე. ყოველდღიურად, რუსეთი უკრაინაში განურჩევლად ბომბავს საცხოვრებელ სახლებს, ანადგურებს ბიზნესებს და აზიანებს ინფრასტრუქტურას, დაუსჯელობა დაუშვებელია. ვოლოდიმირ, ადრეულ ეტაპზე თქვენ მიიწვიეთ ნიდერლანდები, რათა მას წამყვანი როლი შეესრულებინა სამართლიანობის აღდგენაში. ჩვენ მივიღეთ ეს მოწვევა ენთუზიაზმით, როგორც ეს მოსალოდნელია ქვეყნისგან, რომლის კონსტიტუციაში გაწერილია საერთაშორისო სამართლის წესრიგის დაცვა, ქვეყნისგან, რომელიც ჰააგის სახლია, რომელიც ცნობილია, როგორც მშვიდობისა და სამართლიანობის საერთაშორისო ქალაქი. ვინაიდან მშვიდობის სასახლე მასპინძლობს მრავალ საერთაშორისო სასამართლოსა და ტრიბუნალს, ჩვენ ამაყი ვართ, ამ მემკვიდრეობით გავაგრძელოთ მუშაობა.
ამ დიპლომატიური კონფერენციის პირველ დღეს მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელიც ნიდერლანდებს სთხოვს, უმასპინძლოს სარჩელების კომისიას ევროპის საბჭოს ფარგლებში. ცხადია, ჩვენ სიხარულით დავთანხმდით ამის გაკეთებას. ნიდერლანდების მთავრობა განიხილავს ამას, როგორც ლოგიკურ შემდგომ ნაბიჯს გრძელვადიან პროცესში. უკვე გარკვეული პერიოდია, ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინასთან, ევროპის საბჭოსთან და დღეს აქ წარმოდგენილ ქვეყნებთან, რათა მივაღწიოთ სამართლიანობას უკრაინისთვის და ერთად ჩვენ პროგრესს ვაღწევთ. ამის მაგალითია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულების გამოძიებაზე მომუშავე სპეციალური ტრიბუნალი და ზიანის რეესტრი. ახლა კი საერთაშორისო სარჩელების კომისია, რომელიც დღეს იქმნება. ჩვენ ჰააგიდან ვაგზავნით ძალიან მკაფიო გზავნილს, რომ მშვიდობის მიღწევის შემდეგ, სამართლიანობამ უნდა იპოვოს თავისი გზა და რომ ომის დასრულების შემდეგაც, უკრაინას შეუძლია, ჰქონდეს ნიდერლანდების და დღეს აქ მყოფი ყველა სხვა პარტნიორის იმედი“, – განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს ეგიდით, უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა. კონვენციას ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმაც, რომელიც ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.