ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი - უკრაინაში სამგზავრო ლაინერის ჩამოგდების შედეგად მიყენებული ჭრილობა ჰოლანდიაში ჯერ არ მოშუშებულა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი - უკრაინაში სამგზავრო ლაინერის ჩამოგდების შედეგად მიყენებული ჭრილობა ჰოლანდიაში ჯერ არ მოშუშებულა

უკრაინაში 2014 წელს მალაიზიური სამგზავრო ლაინერის ჩამოგდების შედეგად მიყენებული ჭრილობა ჯერ არ მოშუშებულა, – ამის შესახებ განცხადება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. მარკ რუტემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც ამ ტრაგედიის გამოძიებაში ნიდერლანდების გვერდით დგას.

„ჩვენ ყველას გვჯერა, რომ სამართალი აღსრულდება. წელს საერთაშორისო გამოძიებამ წარმოადგინა ანგარიში, რომელშიც დადგენილია იმ რაკეტის წარმომავლობა, რომლითაც MH17 ჩამოაგდეს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს და გვიორმაგებს ჩვენს სწრაფვას, დავადგინოთ ლაინერის ჩამოვარდნის მიზეზი. ეს მსხვერპლთა პატივსაცემად უნდა გავაკეთოთ. გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან“, – განაცხადა მარკ რუტემ.

მან ასევე ისაუბრა მსოფლიოში არსებულ სიტუაციაზე და აღნიშნა, რომ ბოლო პერიდოში ბევრი ქვეყანა, კონსტრუქციული მიდგომების ნაცვლად, საბრძოლო ამოცანებს ირჩევს, რის შედეგადაც უდანაშაულო ადამიანები იტანჯებიან.

„მე მჯერა ძლიერი პრინციპების და არა ძალისმიერი მიდგომის“, – განაცხადა რუტემ. ნიდერლანდების მთავრობის მეთაურმა მხარი დაუჭირა გაერო-ს რეფორმას.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს უკრაინაში ჩამოვარდნილი სამგზავრო ლაინერის მგზავრთა უმრავლესობა ნიდერლანდების მოქალაქე იყო. საერთაშორისო გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავი რუსული სარაკეტო სისტემიდან ნასროლი რაკეტით, რუსეთის მეირ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჩამოაგდეს.