ნიდერლანდების მთავრობა კომენდანტის საათს 3 მარტამდე ახანგრძლივებს
ნიდერლანდების მთავრობა კომენდანტის საათს 3 მარტამდე ახანგრძლივებს

ნიდერლანდების მთავრობა კომენდანტის საათს 3 მარტამდე ახანგრძლივებს. გადაწყვეტილების მიზანი კორონავირუსის გავრცელების შემცირებაა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად დაწესებულ კომენდატის საათს რამდენიმედღიანი კარანტინის საწინააღმდეგო პროტესტი მოჰყვა. კომენდანტის საათი ნიდერლანდებში 23 იანვარს დაწესდა. შეზღუდვა 21:00 საათიდან 04:30 საათამდე მოქმედებს.

ნიდერლანდებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენის კლების ტენდენცია დეკემბრის ბოლოდან შეიმჩნევა, რაც ოქტომბრის თვეში დაწესებულ კარანტინს მოჰყვა. თუმცა, როგორც ქვეყნის მთავრობა აცხადებს, ტენდენცია კორონავირუსის ახალი შტამების გამოვლენის ზრდის გამო, სავარაუდოდ, საპირისპიროდ შეიცვლება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ნიდერლანდებში კორონავირუსის მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, პანდემიამ 14 ათასზე მეტი პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ნიდერლანდებში ეროვნული არჩევნები 17 მარტს არის დაგეგმილი.