ნიდერლანდების მახლობლად, ავტომობილებით დატვირთულ ხომალდზე ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
ნიდერლანდების მახლობლად, ავტომობილებით დატვირთულ ხომალდზე ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ნიდერლანდების მახლობლად, ავტომობილებით დატვირთულ ხომალდზე ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. ნიდერლანდების მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა.

გემი, რომელზეც 3 000 ავტომობილია განთავსებული, გერმანიის ბრემერჰავენიდან ეგვიპტის პორტ-საიდამდე მიემგზავრებოდა. სატვირთო გემზე ხანძარი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ელექტროავტომობილს გაუჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი სწრაფად გავრცელდა.

ხომალდზე სულ 23 ადამიანი იმყოფებოდა და ხანძრის გაჩენის შემდეგ რამდენიმე მათგანი წყალში გადახტა.

ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. დაშავებულებს სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ.

ხანძარი ამ დროისთვის ძირითადად გემის წინა მხარეს მძვინვარებს, ცეცხლის ჩაქრობას კი გემზე განთავსებული ელექტროავტომობილები ართულებს.