ნიდერლანდების ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წლის ბოლოს დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს ნაწილობრივ ამსუბუქებს. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა.
რუტეს თქმით, ნიდერლანდებში 26 იანვრიდან გაიხსნება რესტორნები, ბარები, თეატრები, მუზეუმები და კინოთეატრები. ამ ნაბიჯით, ქვეყნის ხელისუფლება გამოეხმაურა იმ „მნიშვნელოვან დაძაბულობას“, რომელიც კულტურისა და სარესტორნო ბიზნესის სფეროში არსებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია.
რუტემ შეზღუდვების შემსუბუქებას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაღალი სიხშირის პირობებში, ხელისუფლება „გარკვეულ რისკებზე“ მიდის.
ბოლო დღეებში ნიდერლანდებში ყოველდღიურად 50-60 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის გავრცელების ფონზე, ნიდერლანდების ხელისუფლებამ 19 დეკემბერს საყოველთაო ლოკდაუნი დააწესა – დაიკეტა მაღაზიები, რესტორნები, ბარები, კინოთეატრები, მუზეუმები და თეატრები.