ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაცია - ევროპის ჩემპიონატიდან გავარდნა უზარმაზარი იმედგაცრუებაა, დავითაშვილმა ლამაზი და განსაკუთრებული გოლი გაიტანა #1TVSPORT
უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრებების შეხვედრას ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაცია საკუთარ ვებგვერდზე გამოეხმაურა.
„ნიდერლანდების ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ვერ გავიდა. თბილისში ერვინ ვან დე ლოის გუნდმა მესამე მატჩიც ფრედ დაასრულა. მასპინძელ საქართველოსთან გუნდს ბევრი შანსი ჰქონდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მაგრამ 1:1-ს დასჯერდა.
ბრწყინვალე სტარტის მიუხედავად, ნიდერლანდების ნაკრები მაინც ვერ დაწინაურდა. გუნდი მომენტებს ქმნიდა, მაგრამ მოულოდნელად საქართველო 1:0 დაწინაურდა, რაც დაუჯერებელიც იყო და დაუმსახურებელიც – მეტოქის პირველივე შეტევა შედეგიანად დასრულდა. ზურიკო დავითაშვილმა ნიდერლანდების დაცვა გაარღვია და ახლო მანძილიდან დაარტყა – ეს იყო ლამაზი და განსაკუთრებული გოლი.
შესვენების შემდეგ საქართველომ დაცვაში „კედელი“ ააშენა, ამან ნიდერლანდების ნაკრებს დავალება გაურთულა. ბოლო წუთებზე მეკარე ბარტ ვერბრუგენიც შეტევაში წავიდა და საქართველომ შორიდან სცადა გატანა, როცა კარი ცარიელი იყო, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და ნიდერლანდების ახალგაზრდული გუნდი მეოთხედფინალში ვერ გავიდა, რაც უზარმაზარი იმედგაცრუებაა.
მთავარი მწვრთნელის, ერვინ ვან დე ლოის ხელმძღვანელობით ეს იყო მშვენიერი პერიოდის სამწუხარო დასასრული, რომელიც ხუთი წლის შემდეგ ნაკრებიდან მიდის. მის ადგილს კი მიხაელ რაიციგერი დაიკავებს“, – წერია ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე.