ნიდერლანდების ცენტრალურმა ბანკმა ოქროს მარაგის ნაწილი აშშ-იდან და კანადიდან დიდ ბრიტანეთში გადაიტანა
ნიდერლანდების ცენტრალურმა ბანკმა ნიუ იორკსა და ოტავაში შენახული ოქროს მარაგის ნაწილი ლონდონში გადაიტანა. ამგვარად, რეგულატორმა საკუთარი ოქროს რეზერვების ლიკვიდურობა და ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომობა გაზარდა, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, მზარდი გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე ნიდერლანდების ცენტრალური ბანკი კრიზისული სიტუაციებისთვის მზადყოფნას აძლიერებს.
ნიდერლანდების ოქროს რეზერვების ლიკვიდურობისა და სავაჭროდ ხელმისაწვდომობის გაზრდა ამ მომზადების ნაწილია. გარდა ამისა, რეზერვების უფრო თანაბრად განაწილება ჩრდილოეთ ამერიკას, დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებს შორის რისკების დივერსიფიცირების საშუალებას იძლევა და კრიზისის შემთხვევაში ოქროზე უფრო სწრაფ წვდომას უზრუნველყოფს.
კონკრეტულად, რომელ გეოპოლიტიკურ არასტაბილურობაზეა საუბარი, არ ზუსტდება.
ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის განმარტებით, ინგლისის ბანკში დაცული ოქრო მსოფლიოში ყველაზე ლიკვიდურად მიიჩნევა. შესაბამისად, კრიზისის შემთხვევაში ბანკი სწორედ ამ რეზერვების გამოყენებას შეძლებს ყველაზე სწრაფად. ნიუ იორკსა და ოტავაში დაცული ოქროს ასეთ ვითარებაში გამოყენება იმავე სისწრაფით შეუძლებელია.
საერთო ჯამში, 2026 წლის მარტიდან აგვისტომდე პერიოდში ნიდერლანდების ცენტრალურმა ბანკმა დაახლოებით 12 მილიარდი დოლარის ღირებულების, 86 ტონა ოქრო გადაიტანა. მანამდე აშშ-სა და კანადაში ნიდერლანდების კუთვნილი 313 ტონა ოქრო ინახებოდა, შესაბამისად, ქვეყნის მთლიანი ოქროს მარაგის 31,3% და 19,7%. ახლა ნიუ იორკსა და ოტავაში, შესაბამისად, 18,5-18,5% დარჩა, ლონდონში კი – 32,1%, მარაგის 30,8% ნიდერლანდების ქალაქ ზეისტში ინახება.
ამჟამად დაახლოებით 381 ტონა ოქრო, ანუ ნიდერლანდების მარაგის 62,9% ქვეყნის ფარგლებს გარეთაა განთავსებული, დაახლოებით 189 ტონა კი – ქვეყნის შიგნით.
2025 წლის ბოლოსთვის ნიდერლანდების ოქროს რეზერვები 612,4 ტონას შეადგენდა, რომლის ღირებულებაც 72,2 მილიარდი ევრო იყო.
ნიდერლანდებმა ოქროს მარაგის გადანაწილება მას შემდეგ განახორციელა, რაც საფრანგეთის ცენტრალურმა ბანკმა აშშ-ში დაცული ოქროს რეზერვები გაყიდა. საფრანგეთმა ისინი პარიზში განთავსებული ოქროთი ჩაანაცვლა და განაცხადა, რომ ამ გზით ოქროს ზოდები საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანა.
გერმანიაში, რომელსაც მსოფლიოში სიდიდით მეორე ოქროს რეზერვი აქვს (3 350 ტონა), ისმის მოწოდებები, ქვეყანაში დააბრუნონ ნიუ იორკში შენახული ოქრო. ასეთი წინადადება, მათ შორის, ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წამოაყენა. პარტიაში მიიჩნევენ, რომ აშშ-ში განთავსებულ აქტივებზე კონტროლი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, გერმანიაზე ზეწოლის მიზნით გამოიყენოს.
მსოფლიოში ყველაზე დიდი ოქროს მარაგი აშშ-ს აქვს, დაახლოებით 8 133,5 ტონა.