ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს
უკრაინისა და ნიდერლანდების თავდაცვის ინდუსტრიებმა საჰაერო თავდაცვის სფეროში ერთობლივ პროექტზე მუშაობა დაიწყეს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან ერთად პრაქტიკული და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების ძირითადი პრიორიტეტები და გადაწყვეტილებები განსაზღვრა. თანამშრომლობა მოიცავს თავდაცვით წარმოებას, ერთობლივ ტექნოლოგიურ და ენერგეტიკულ პროექტებს, ინდუსტრიულ განვითარებას, სატელიტურ ტექნოლოგიებსა და საჰაერო თავდაცვას.
ამასთან, ნიდერლანდები ზამთარში უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, რობ იეტენმა ჰააგაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, თანხა უპილოტო საფრენი აპარატებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის მიწოდებას მოხმარდება.
„ეს მხარდაჭერა ახლა სასწრაფოდ არის საჭირო, რადგან რეალობა ისაა, რომ რუსეთმა სამოქალაქო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გააძლიერა. შედეგად, სულ უფრო მეტი უდანაშაულო ადამიანი ხდება მსხვერპლი“, – აღნიშნა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების არა შემსუბუქება, არამედ გაძლიერება.
„ცხადია, პუტინი უნდა ვაიძულოთ, მოლაპარაკებებს სერიოზულად მოეკიდოს. მან უნდა გააცნობიეროს, რომ ამ ომს აგებს. ის ომს ბრძოლის ველზე დიდი მსხვერპლის ფასად აგებს, თუმცა ამავე დროს მარცხდება იმიტომაც, რომ მისი ეკონომიკა ნადგურდება“, – განაცხადა რობ იეტენმა.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის ინიციატივას მხარს უჭერდა, რუსეთი კი – არა.