ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის 26 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის 26 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის 26 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი ორ მონაკვეთად იყო დაყოფილი. აღნიშნული გზა ორ რეგიონს, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლს უმოკლესი გზით აკავშირებს ერთმანეთთან.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რეაბილიტირებული გზა სოფელ ნიჩბისში იწყება, გადაკვეთს მდინარე ნიჩბისისწყალს, გაივლის მუხრან ბატონის კოშკს, მთავარანგელოზისა და ღვთისმშობლის ეკლესიებს, დიდგორის დიდების მემორიალს და ეკლესიის გავლით მიდის უღელტეხილისაკენ, საბოლოოდ კი უერთდება კოჯორი-თეთრიწყაროს საავტომობილო გზას.

„სოფელ ნიჩბისის ტერიტორიაზე გამავალი გზის მხოლოდ 545 მეტრიანი მონაკვეთი იყო მოასფალტებული, დანარჩენ მონაკვეთებზე კი საფარი გრუნტის იყო და გადაადგილება უამინდობის დროს განსაკუთრებით რთულდებოდა.

არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად, განხორციელდა გზის სრული რეაბილიტაცია: 26 კმ-იან მონაკვეთზე მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, გზის საყრდენი კედლები და საგზაო ნიშნები. პროექტი, უზრუნველყოფს ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზით მოსარგებლეთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 20 571 700 ლარი იყო.