Newsweek – „ახალი იმპულსი აშშ-თან ურთიერთობებში, საქართველოს ამბიციები შუა დერეფნის მიმართულებით აშშ-თან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს“
„ახალი იმპულსი აშშ-ის ურთიერთობებში“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Newsweek-ი.
როგორც სტატიის ავტორი როდ რეინოლდსი წერს, „საქართველოს ამბიციები შუა დერეფნის მიმართულებით აშშ-თან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს“.
„2026 წლის ივნისში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) საქართველოს ფოთის პორტის გაფართოების მხარდასაჭერად 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო შეთანხმების გაფორმების შესახებ განაცხადა. ეს ნაბიჯი თბილისსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მზარდ იმპულსზე მიუთითებს და საქართველოს შუა დერეფნის განვითარების ხედვის მიმართ აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერას წარმოაჩენს. აღნიშნული ხედვა საქართველოს რეგიონულ სავაჭრო და საინვესტიციო ჰაბად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად“, – აღნიშნულია სტატიაში.
ამასთან, ავტორს სტატიაში მოჰყავს ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ციტატა.
„ეს პროექტი სახელმწიფოს, ქართულ ბიზნესსა და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს. საქართველო აღარ არის მხოლოდ გეოგრაფიული ხიდი – ჩვენ ჩამოვყალიბდით ძლიერ ეკონომიკურ და ლოgისტიკურ ცენტრად, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობისთვის დამატებით ღირებულებას ქმნის“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
Newsweek-ის სტატიაში ნათქვამია, რომ Pace Group-თან პარტნიორობით განხორციელებული ფოთის პორტის გაფართოების პროექტი პორტის წლიურ გამტარუნარიანობას ერთი მილიონი ტონით გაზრდის.
„ეს კიდევ უფრო აძლიერებს შუა დერეფნის მარშრუტს. 2026 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის მოცულობა 21%-ით გაიზარდა, რაც კიდევ უფრო ზრდის ქვეყნის მიმზიდველობას ამერიკელი ინვესტორებისთვის.
აშშ-დან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წელს გაორმაგდა და 158.1 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ინვესტიციების ძირითად მიმართულებებს წარმოადგენდა უძრავი ქონებისა და ტექნოლოგიების სექტორები, რაც ხაზს უსვამს საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ კომერციულ ასპექტს“, – აღნიშნულია სტატიაში.