ნევროლოგი ოთარ თოიძე - მიხეილ სააკაშვილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობა არის გაუარესებული, ცვლილებებია ნევროლოგიურ სტატუსშიც
ნევროლოგი ოთარ თოიძე - მიხეილ სააკაშვილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობა არის გაუარესებული, ცვლილებებია ნევროლოგიურ სტატუსშიც

მიხეილ სააკაშვილს გაუჩნდა კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ეს მიანიშნებს, რომ მისი კუჭნაწლავის ტრაქტის მდგომარეობა არის გაუარესებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ნევროლოგმა ოთარ თოიძემ განუცხადა, რომელიც ცენტრ „ემპათიის“ კონსილიუმის წევრებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ უმჯობესდება.

„მე აღვნიშნე, რომ ის ხასიათდება მერყეობით. ზოგიერთი პარამეტრი უმჯობესდება, მაგრამ ეს არის ხანმოკლე გაუმჯობესება, მერე ისევ უარესდება. სხვადასხვა პარამეტრი ერთმანეთს კვეთს. ერთი უმჯობესდება, მეორე უარესდება. ეს არის მისი არასტაბილობის მაჩვენებელი. რაც შეეხება სახელმწიფო კონსილიუმს, მე ეჭვი მეპარება, ასეთი აზრი გამოეთქვათ, რომ აქ ყველაფერი უტარდება. მაშინ ჩვენი რეკომენდაცია და სახალხო დამცველის ჯგუფის მიერ წარმოებული რეკომენდაციის მესამე თუ მეოთხე პუნქტი, სადაც ისინი ამბობენ, რომ ჯერ კიდევ არ უტარდება საჭირო რეაბილიტაცია, წინააღმდეგობაში მოდის იმ განცხადებებთან, რაც ჩვენ ვთქვით. გარდა ამისა, კიდევ აღვნიშნავდი, რომ მაგალითად, კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ მისი მდგომარეობა, მგონი, სერიოზულად გაუარესებულია. ამისთვის მოვითხოვეთ ჩვენ ენდოკრინოლოგის, გასტროენტეროლოგისა და ნუტრიციოლოგის განმეორებითი კონსულტაცია. ეს შეიძლება, არ იყო რამდენიმე დღის წინ, მაგრამ ახლა სახეზე გვაქვს. ამიტომ ამ მხრივ, მისი მდგომარეობა, ვიტყოდი, რომ უარესდება კიდევაც“, – განაცხადა ოთარ თოიძემ.

კითხვაზე, რაში გამოიხატება გაუარესება და რატომ არის განსხვავება ჯანდაცვის სამინისტროს კონსილიუმისა და მათ მოსაზრებებს შორის, ოთარ თოიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს გაუჩნდა კუჭ-ნაწლავის პრობლემები.

„შეიძლება, ამაზე უხერხულია საუბარი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მას გაუჩნდა კუჭ-ნაწლავის პრობლემები: უმადობა, გულისრევა, გახშირებული დეფეკაცია და ა.შ. ეს მიანიშნებს, რომ მისი კუჭნაწლავის ტრაქტის მდგომარეობა არის ცოტა გაუარესებული. ​მე გითხარით, რომ მერყევია მისი მდგომარეობა და ის ვინც ხშირად ნახულობს, წინა კითხვა დამისვით, რატომ ჩამოდიხარ ასე ხშირად, სწორედ იმიტომ, რომ მის დავაკვირდე პუნქტუაციებს, რადგან ნევროლოგიურ სტატუსშიც არის ცვლილებები. მაგალითად, შემიძლია, დაგისახელოთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ იყო შეშუპებული კიდურები, მერე ეს ყველაფერი გაქრა, დღეს ისევ სახეზეა. ის რომ მენახა გუშინ, ვიტყოდი, რომ ყველაფერი წესრიგშია და გაუმჯობესებულია“, – აღნიშნა ოთარ თოიძემ.

კითხვაზე, რა არის მისი რეკომენდაცია და იგეგმება თუ არა სხვა კონსილიუმის ექიმებთან შეხვედრა, ოთარ თოიძემ აღნიშნა, რომ გამიზნული იყო სხვა კონსილიუმის ექიმებთან ერთად შეხვედრა, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო დღეს ეს ვერ მოხერხდა.

„იმედი მაქვს, რომ ხვალ ან ზეგ მოხერხდება, რადგან მართლა უხერხულია, როდესაც ერთი ჯგუფი ლაპარაკობს, მეორე სხვას ნახულობს და სხვას ლაპარაკობს და მესამე კიდევ, ნახულობს იგივეს, რაც პირველმა ნახა და იქმნება უხერხულობა ექიმებს შორისაც. დამეთანხმებიან კოლეგები, რომ მდგომარეობა სერიოზულია, იგი საჭიროებს სტაბილიზაციას პირველ რიგში და მეორე რიგში, სასწრაფო და გადაუდებელ მკურნალობას, რომელიც ასეთ პაციენტს, ძალიან რთულ პაციენტს ესაჭიროება, რომლის სხვადასხვა სისტემა, ნერვული, გასტროენტეროლოგიური, კარდიოვასკულარული… მაპატიეთ, ამგვარ ტერმინებს რომ ვიძახი, მაგრამ ჩემი კოლეგებისთვის ეს გასაგები იქნება“, – განაცხადა ნევროლოგმა ოთარ თოიძემ.