„ნეტფლიქსი“ გაბრიელ გარსია მარკესის წიგნის „მარტოობის ასი წელიწადი“ მიხედვით სერიალს გადაიღებს
„ნეტფლიქსი“ გაბრიელ გარსია მარკესის წიგნის „მარტოობის ასი წელიწადი“ მიხედვით სერიალს გადაიღებს

ნეტფლიქსმა“ გაბრიელ გარსია მარკესის წიგნის „მარტოობის ასი წელი“ მიხედვით, სერიალის გადაღების უფლება იყიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს. ეს მარკესის ნაწარმოების პირველი ეკრანული ვერსია იქნება.

სერიალის პროდიუსერები ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის შვილები, როდრიგო და გონსალო მარკესები იქნებიან. როგორც მათ „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადეს, გაბრიელ გარსია მარკესს არაერთი შეთავაზება ჰქონდა მიღებული წიგნის ფილმად გარდაქმნის თაობაზე. თუმცა, როგორც როდრიგო გარსია აღნიშნავს, მამამისი მიიჩნევდა, რომ „მარტოობის ასი წელი“ კარგად ვერ ითარგმნებოდა ან მხატვრული ფილმისთვის შესაფერისი არ იქნებოდა.

„ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში სერიალები უფრო პოპულარული გახდა, ბევრად უკეთესი ხარისხის პროდუქტი იქმნება, ამიტომ ოჯახში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „მარტოობის ასი წელიწადის“ შესახებ სერიალის გადაღების უფლება გაგვეყიდა. „ნეტფლიქსი“ იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც დაგვარწმუნა, რომ მაყურებელში დღეს უფრო მეტი მოთხოვნაა უცხოენოვანი სერიალების სუბტიტრებით ნახვაზე. თავდაპირველად, ამ საკითხს ჩვენ უფრო პრობლემად აღვიქვამდით, თუმცა როგორც გამოიკვეთა, ახლა ეს პრობლემა აღარ არის“, – განაცხადა როდრიგო გარსიამ.

ნეტფლიქსის“ წარმომადგენელი ფრანჩესკო რამოსი აცხადებს, რომ ესპანურენოვანი ორიგინალი ფილმებისა და სერიალების წარმატებამ აჩვენა, რომ „ნეტფლიქსს“ შეუძლია, თავის აუდიტორიას უცხოენოვანი ფილმებიც თამამად შესთავაზოს. მას მაგალითად მოჰყავს სერიალი „ნარკოსი“ და ფილმი „რომი“, რომელმაც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში ოსკარი მიიღო.

გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელი“ 1967 წელს გამოქვეყნდა. მას შემდეგ წიგნის 50 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა და 46 ენაზე ითარგმნა.

როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, ჯერ უცნობია, ვინ იქნება სცენარის ავტორი და რომელი მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას სერიალში. როგორც რამოსი ამბობს, სერიალის გადაღებები კოლუმბიაში იქნება. ამ დროისთვის, უცნობია ასევე პროექტის ფინანსური ღირებულება.

დატოვე კომენტარი