ნესტან ლონდარიძე - ზაზა სარალიძის განცხადებებს პოლიტიკური ქვეტექსტი არ უნდა დაედოს, რადგან ის ნებისმიერი პირის თანადგომას ითხოვს, ვინც ამ საქმეში დაეხმარება
ნესტან ლონდარიძე - ზაზა სარალიძის განცხადებებს პოლიტიკური ქვეტექსტი არ უნდა დაედოს, რადგან ის ნებისმიერი პირის თანადგომას ითხოვს, ვინც ამ საქმეში დაეხმარება

ბატონი ზაზა სარალიძის განცხადებებს არანაირი მოტივი და პოლიტიკური ქვეტექსტი არ უნდა დაედოს, რადგან ის ნებისმიერი პირის დახმარებას და თანადგომას ითხოვს, ვინც ამ საქმეში დაეხმარება, – განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა და მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„მან უკლებლივ ყველა მოქალაქეს მიმართა, გვერდით დაუდგნენ. ეს შვილმკვდარი მამის განცხადებაა, რომელიც ყველას მიმართავს, გამოძიებაში დაეხმარონ. რატომღაც ცდილობენ, ზაზას ნებისმიერ განცხადებას ისეთი ქვეტექსტი არ დაუდონ, რასაც ის გულისხმობს. განცხადებებს იმ კუთხით აკეთებენ, თითქოს, ზაზა ითხოვს იმ ბრალდებულების ბრალის შემსუბუქებას, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. ჩვენ ვითხოვთ, ყველა პირი დაისაჯოს, მათ შორის ისინიც, ვისაც ბრალი აქვთ წარდგენილი, მაგრამ ეს სხვა პირთა მონაწილეობას არ გამორიცხავს“, – განაცხადა ლონდარიძემ.

ადვოკატის თქმით, მათი მოთხოვნაა, დაზარალებულ ოჯახს გვერდით დაუდგეს ყველა პირი, ვისაც ამ საკითხში კომპეტენცია აქვს, დახმარება შეუძლია და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, ეს ხელისუფლება იქნება, თუ ოპოზიცია, რადგან ეს პოლიტიკური თემა არ არის.

ამ განცხადებით ნესტან ლონდარიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იქიდან გამომდინარე, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ, აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ წარმოდგენილი, საპარლამენტო უმრავლესობა ოჯახთან კომუნიკაციას არ გამორიცხავს და ა.შ, რამდენად მართებულია პროცესში პოლიტიკოსების ჩართულობა იმ ფონზე, როცა განაჩენი რამდენიმე დღეში უნდა გამოცხადდეს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ ვერ შეხვდა ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორს და რა გახდა ჩანიშნული შეხვედრის ჩაშლის მიზეზი, ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, რომ ამ შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ წინა დღეს დაანონსდა და შესაბამისად, ის შეხვედრას წინა დღეს ელოდებოდა.

„მეორე დღეს სამსახურში შვებულება მქონდა გაფორმებული, პირადი მიზეზების გამო თბილისიდან გასული ვიყავი და საღამოს დავბრუნდი. ვიმედოვნებდი, ამ შეხვედრას მივუსწრებდი, მაგრამ ვინაიდან შეხვედრას ვერ ვუსწრებდი, ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ცქიტიშვილს ვთხოვე, საქმეში ჩემს ნაცვლად ჩართულიყო და შეხვედრას დასწრებოდა, როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი“, – განაცხადა ლონდარიძემ.

მისი თქმით, როგორც საქმის მწარმოებელი პროკურორი აცხადებდა, მთავარი პროკურორი მზადყოფნას გამოთქვამდა, ზაზა სარალიძეს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ პირთან ერთად შეხვედროდა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს პირობა მათვე დაარღვიეს.

„იქ საპროცესო მოქმედება არ მიმდინარეობდა და საქმის დეტალური განხილვა არ უნდა მომხდარიყო, მხოლოდ დაზარალებული მხარის პოზიციის წარდგენა და პრეტენზიების გაცნობა უნდა მომხდარიყო და ამას საქმის მასალაზე წვდომა არ სჭირდებოდა“, – განაცხადა ლონდარიძემ.