ნესტან ლონდარიძე - საგამოძიებო კომისიის ორივე რეკომენდაცია სრულად არის დასაბუთებული, ამიტომ მის დამტკიცებას მხარს ვუჭერთ
ნესტან ლონდარიძე - საგამოძიებო კომისიის ორივე რეკომენდაცია სრულად არის დასაბუთებული, ამიტომ მის დამტკიცებას მხარს ვუჭერთ

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შინაარსს ვეთანხმებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, შესრულდეს საგამოძიებო კომისიის რეკომენდაცია და გამოძიება დაიწყოს იმ პიროვნების მიმართ, რომელმაც ხორავას ქუჩაზე კონფლიქტის დროს ჭრილობა მიიღო და, რომელზეც გამოძიება დღემდე არ არის დაწყებული.

„გავეცანით ამ რეკომენდაციების შინაარსს და ვეთანხმებით. აქ ძირითადად დასმულია ის საკითხები, რომლებიც გამოძიებას უნდა გაეკეთებინა. ის რეკომენდაციები, რაც წარმოგვიდგინეს, უნდა შესრულებულიყო. საქმის მტკიცებულებები გვაძლევს საფუძველს, რომ კომისიის რეკომენდაციებს დავეთანხმოთ.

მნიშვნელოვანია, დაიწყოს გამოძიება იმ პიროვნების მიმართ, რომელსაც ცნობილია, რომ აქვს ჭრილობა მიყენებული და დღემდე ამ კუთხით არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ არის გადადგმული. უფრო მეტიც, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ, არის თუ არა ამ ნაწილში გამოყოფილი საქმე და მიმდინარეობს თუ არა ძიება, პასუხი არის ასეთი, რომ საქმე გამოყოფილი არის მოწმეებზე ზემოქმედებისა და შეუტყობინებლობის კუთხით.

რაც შეეხება მეორე რეკომენდაციას, დიდი ალბათობით, მ.კ-მ უფრო რთული როლი შეასრულა ამ საქმეში, ვიდრე ჩვენ დაზარალებული მხარე მუდმივად ვაპელირებთ, იმდენად სრულად არის ორივე რეკომენდაცია დასაბუთებული, რომ ჩვენ მხარს ვიჭერთ მის დამტკიცებას“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს სახალხო დამცველის აპარატსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს რეკომენდაციები გააცნო.

დახურულ შეხვედრაზე საუბარი შეეხება იმ ორ რეკომენდაციას, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ გასულ კვირას ისაუბრა. ეს ეხება ერთ-ერთი არასრულწლოვანის, გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას და ასევე კონფლიქტში მონაწილე მ.კ-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.

კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, კომისია აგრძელებს თანამშრომლობას არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრებენ იმ ინფორმაციებზე, რომლებიც კომისიამ გასული ორი კვირის განმავლობაში მიიღო.

სახალხო დამცველის მოადგილის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატს ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია აქვს, თუმცა საბოლოოდ მას შემდეგ დააფიქსირებენ პოზიციას, რაც ამ რეკომენდაციებს დეტალურად გაეცნობიან.