ნესტან ლონდარიძე პატიმრების მასობრივ შიმშილობაზე ინფორმაციას ეჭვქვეშ აყენებს 
ნესტან ლონდარიძე პატიმრების მასობრივ შიმშილობაზე ინფორმაციას ეჭვქვეშ აყენებს 

ანგარიში „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“  „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ და სახალხო დამცველის ერთობლივი მუშაობის შედეგია, გაუგებარია, რატომ გამოიწვია ამ ფაქტმა მსგავსი აჟიოტაჟი, – ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელმა, ნესტან ლონდარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ანგარიშის მომზადებისას გამოიკვეთა ფაქტები, რომელსაც ადგილი აქვს N5 და N11 პენიტენციურ დაწესებულებებში.

„ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე თავადაც გახლდით, რომელიც შევდიოდი პენიტენციურ დაწესებულებებში და გამოკითხვები ვაწარმოე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ამ ანგარიშში არ არის ნამდვილად ისეთი საკითხი დასმული, რომელიც ეჭვქვეშ იყოს“, – განაცხადა ლონდარიძემ.

კითხვაზე, რომ პატიმრები უარყოფენ ანგარიშში მოცემულ ინფორმაციას და ბოდიშს მოითხოვენ, ლონდარიძე ამბობს, რომ პატიმრების მასობრივი შიმშილობის შესახებ ინფორმაციას ეჭვქვეშ აყენებს.

„ფაქტი, რომ პატიმრების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასეთი მასობრივი შიმშილობა ცხადდება, ცოტა ეჭვქვეშ შემიძლია დავაყენო და პირიქით, ალბათ, მექნებოდა სურვილი გამოკვლეულიყო, ხომ არ ხდება მანიპულაცია მათი ასეთი შიმშილობის დაწყების კუთხით და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ალბათ, ეს საინტერესო იქნებოდა“, – განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში, ამ დროის მონაცემებით, 109 პატიმარი შიმშილობს.  ქალი პატიმრები „ადამიანის უფლებათა ცენტრის” და სახალხო დამცველის  ანგარიშს აპროტესტებენ, რომლის თანახმად, შემოწმების მიზნით, ქალთა დაწესებულებაში პატიმრების გაშიშვლების მეთოდი ისევ გამოიყენება.