ნეპალში, სოციალურ მედიაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმების მიუხედავად, აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება გრძელდება, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
ნეპალის ხელისუფლების მიერ სოციალურ მედიაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმების მიუხედავად, ქვეყანაში აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება გრძელდება.
„ბიბისის“ინფორმაციით, დედაქალაქ კატმანდუში პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამასთან, როგორც გამოცემა წერს, კატმანდუს ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების რაოდენობა იზრდება.
ნეპალის პრემიერ-მინისტრი შარმა ოლი აქტივისტებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. პრემიერმა საგანგებო შეხვედრა დანიშნა, რომელსაც ნეპალის ყველა პოლიტიკური პარტია უნდა დაესწროს.
„ბიბისის“ ცნობით, მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე ნეპალის შინაგან საქმეთა, სოფლის მეურნეობისა და წყალმომარაგების მინისტრებმა თანამდებობები დატოვეს.
ნეპალში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოციალური მედიის პლატფორმები ყალბი ამბების, სიძულვილის ენისა და ონლაინ თაღლითობის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფოს მიერ უნდა დარეგულირებულიყო.
პოლიციასთან დაპირისპირების დროს, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.