ნეპალში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 788 ადამიანს მიაღწია, 2 500 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება

01:01, 31.08.2026

ნეპალში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 788 ადამიანს მიაღწია, კიდევ 2,5 ათასი ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ხელისუფლებამ სტიქიით დაზარალებული რაიონების მოსახლეობა შესაძლო ახალი წყალდიდობების შესახებ გააფრთხილა. ინფორმაციას „სიბიეს ნიუსი” ავრცელებს.

ახალი წყალდიდობისა და წყლის დონის შემდგომი მატების შესახებ გაფრთხილებები მოსახლეობის მობილურ ტელეფონებზე გაიგზავნა, მას შემდეგ, რაც მდინარე ბჰოტეკოშის დონემ მატება დაიწყო.

ნეპალის კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის ეროვნული უწყების ხელმძღვანელის, დჰარმარაჯა უპრეტის განცხადებით, ჩინეთის ხელისუფლებამ ნეპალს მდინარის ზემო წელში წყლის ნაკადის გაზრდის შესახებ აცნობა. ამავდროულად, მაშველები ცდილობენ, გაწმინდონ მნიშვნელოვანი საავტომობილო გზა, რომელიც კატმანდუს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონთან აკავშირებს.

განადგურებული სოფლების მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ მუდმივად უწევთ ახალი გაფრთხილებების შესაბამისად მოქმედება და მაღლობებზე თავშესაფრის ძებნა, მათ შორის ღამითაც.

ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონში, დჰადინგში, მოსახლეობამ დანგრეულ სახლებში დაბრუნება დაიწყო, რათა გადარჩენილი ნივთები მოეძებნა. წყალდიდობის შედეგად ძლიერ დაზიანებულ ელექტროსადგურზე სპეციალისტებმა ზარალის შეფასება დაიწყეს. ობიექტი ოთხ რაიონში 20 ათასზე მეტ ადამიანს ელექტროენერგიით ამარაგებს.

ჩინეთის მხარეს, ხელისუფლების მონაცემებით, 16 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 546 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ტომი პიგოტმა განაცხადა, რომ ნეპალში 85 ამერიკელ მოქალაქეს ეძებენ. ცხრა ადამიანის უსაფრთხოდ ევაკუაცია უკვე მოხერხდა. მისი თქმით, ამ დროისთვის აშშ-ის მოქალაქეების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ნეპალისთვის 3,6 მილიონი დოლარის ოდენობის გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება გამოყო. თანხები, მათ შორის, 10 ათასამდე ოჯახისთვის სამი თვის განმავლობაში საკვების უზრუნველყოფას მოხმარდება. დაკარგულთა შორის ასევე არიან ათობით ქვეყნის ასობით მოქალაქე, რომლებიც რეგიონში სამუშაოდ, ტურისტული მიზნებით, ალპინიზმისთვის ან რელიგიური მომლოცველობისთვის იმყოფებოდნენ.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ტიბეტში დაკარგულად ითვლება 261 უცხოელი მოქალაქე, მათ შორის 100-ზე მეტი ნეპალის მოქალაქე.

კატასტროფული წყალდიდობები გასულ კვირას, ჰიმალაის მაღალმთიან რაიონში მყინვარის ჩამოშლის შემდეგ დაიწყო. მეცნიერთა მონაცემებით, მყინვარის ქვეშ მოხდა ქანების მასიური ჩამოშლა, რის შედეგადაც მყინვარის ნაწილიც დაიძრა. ჩამოშლის მასშტაბი 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრისას წარმოქმნილ ტალღას შეესაბამებოდა. ჩამოშლილმა ქანებმა და დნობის შედეგად წარმოქმნილმა წყალმა მდინარეებში წყლის მოცულობა მკვეთრად გაზარდა, რამაც ძლიერი ნაკადი წარმოქმნა და ტიბეტსა და ნეპალში შენობები, ხიდები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები გაანადგურა.

მსგავსი